„იმ ადგილიდან, საიდანაც მოხდა ზაზა გახელაძის გატაცება, მოვუწოდეთ საზოგადოებას, ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას აქტიურობისკენ, ბრძოლისკენ. რუსეთზე უნდა მოხდეს ზეწოლა, ვინაიდან სწორედ ის არის პასუხისმგებელი ჩვენი მოქალაქეების გატაცებაზე“, – განაცხადა „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრმა, დავით ქაცარავამ.
აქციას შეუერთდა საოკუპაციო რეჟიმის ყოფილი პატიმარი, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, სწორედ მსგავსი აქციებისა და საზოგადოების აქტიურობის დახმარებით მოხდა მისი გათავისუფლება უკანონო ტყვეობიდან.
„ყველას ვალია მხარი დავუჭიროთ იმ მოქალაქეებს, ვისაც დროებით აღკვეთილი აქვთ თავისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.
რუსი სამხედროების მიერ, 2020 წლის 11 ივლისს გატაცებულ 34 წლის ზაზა გახელაძეს, 2021 წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 322-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელის სიცოცხლის ხელყოფასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. ე.წ. პროკურატურა ზაზა გახელაძისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.