weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიორგი მამალაძე ციხეში მარტო არ უნდა იჯდეს – გოგაშვილის ვერსია ე.წ. ციანიდის საქმეზე

01:10 კვირა, 14 თებერვალი 2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ იოსებ (სოსო) გოგაშვილმა, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით საკუთარ ვერსიაზე ისაუბრა. როგორც ის ამბობს, ყოფილი დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის მდივან რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის იხდის სასჯელს, ციხეში მარტო არ უნდა იყოს, რადგან ჯგუფთან ერთად მოქმედებდა. გოგაშვილი თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, სოსო ოხანაშვილსაც ადანაშაულებს.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოძიება უნდა განახლდეს და მზად არის ამაში როლი თავადაც შეასრულოს, მათ შორის, საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობით.

სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ შორენა თეთრუაშვილის ჩამოცილება ე.წ. ციანიდის საქმემდე ორჯერ სცადეს.

„დამიკავშირდა დაცვის სამსახურის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი. მითხრა, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდა, რომელიც შორენასთან იყო დაკავშირებული და მითხრა, რომ პატრიარქის დაცვის უფროსს უნდოდა მოსვლა და კონკრეტულ დეტალებს ის მეტყოდა.

სოსო ოხანაშვილმა მითხრა ასეთი რაღაც - აქვს ინფორმაცია, რომ შორენა თეთრუაშვილი იფარებს ტერორისტული ორგანიზაციის ორ წევრს, აღგვეძრა საქმე და პასუხისგებაში მიგვეცა. ამას დაჟინებით ითხოვდა. თურქეთში, ერდოღანის მთავრობამ რამდენიმე ორგანიზაცია ტერორისტულად აღიარა. ეს ორი ადამიანი - ეთნიკური ქართველები, ლაზები ერთ-ერთი ორგანიზაციის წევრები იყვნენ. მათ დატოვეს ქვეყანა და აქ ცდილობდნენ თავშესაფრის მიღებას. მათ საზღვარი ოფიციალურად ჰქონდათ გადმოკვეთილი და რადგან თურქეთმა ნახა, რომ საქართველოში იყვნენ, პროკურატურას გადმოუგზავნეს ექსტრადირების მოთხოვნა და პროკურატურა დღე დღეზე ამზადებდა მათ გადაცემას. კონტროლის ქვეშ იყვნენ და ცხოვრობდნენ საპატრიარქოს ბალანსზე არსებულ ერთ-ერთ სახლში. შორენას სთხოვეს, რომ ცოტა ხნით გაჩერდებიანო. მე სოსო ოხანაშვილს ავუხსენი, რომ არ შეიძლება საქმე შევკეროთ პატრიარქის მდივან რეფერენტზე და დავიჭიროთ მაშინ, როდესაც ის უდანაშაულო იყო და ინფორმაცია არ ჰქონდა. სოსო განაწყენდა, რომ ეს ასე არ გავაკეთეთ“, – განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

მისი თქმით, თეთრუაშვილის ჩამოცილება მოსკოვში პატრიარქის ვიზიტის დროს, 2016 წლის შემოდგომაზე იგეგმებოდა, თუმცა ამის შესახებ სპეცსამსახურებმა მოგვიანებით შეიტყვეს.

„მაშინ, ბათუმში ჩამოსული იყო რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, რომელსაც გიორგი მამალაძე შეხვდა რესტორანში და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, რომ სჭირდებოდა ისეთი კატეგორიის ადამიანებთან კონტაქტი, რომლებიც რუსეთში ერთი ქალბატონის განეიტრალებაში დაეხმარებოდნენ. ამ განეიტრალებაში რას გულისხმობდა, არ ვიცით. თან ასე უთქვამს - ჩრდილოკავკასიელები თუ გყავს ვინმე, ვინც რაღაც საქმეში დამეხმარებიან, ერთი ქალი გაღმა მარილზე უნდა გავიყვანოო.

ბიზნესმენს შეეშინდა, იფიქრა რომ მიუგზავნეს, რაღაც საქმეს უკერავდნენ. მან მეორე დღესვე აიღო ბილეთი და გაფრინდა რუსეთში. მის ვინაობას ვერ დავასახელებ. თვითონ თუ ეყოფა გამბედაობა, თქვას. ამით ძალიან დაეხმარება საპატრიარქოს“, – ამბობს გოგაშვილი.

ის გერმანიის საავადმყოფოში, სადაც პატრიარქი მკურნალობდა, ციანიდის გამოყენების „გეგმაზეც“ საუბრობს:

„მამალაძე საზღვარზე ციანიდით თუ გაივლიდა, ჩაიტანდა ამ ციანიდს, მოუყრიდა საჭმელზე, რომელიც შორენას უნდა შეეტანა პატრიარქისთვის. ეს ხდებოდა „ჰელიოსის“ კლინიკაში, ბერლინში. შეტანის მომენტში მას ეცემოდნენ ხელებში. იქ ყველაფერი კამერებითაა აღჭურვილი და თვითონაც ჩართული ექნებოდათ ტელეფონები და ეტყოდნენ - რა მიგაქვს? ის ეტყოდა, რომ საკვები შეაქვს. იტყოდნენ - რაღაც საეჭვოა და ატყდებოდა პანიკა, ერთი ამბავი, დაიდგმებოდა სცენები, გამოიძახებდნენ „ჰელიოსის“ დაცვას, რომელსაც ეტყოდნენ, თუ რა განზრახვა ჰქონდა ამ ადამიანს.

მოვიდოდა ბერლინის პოლიცია, ჩაერთვებოდა საგარეო საქმეთა სამინისტრო და ევროპაში, არა რუსეთში, დააკავებდნენ პატრიარქის მკვლელ შორენა თეთრუაშვილს. ის წავიდოდა ციხეში როგორც პატრიარქის მკვლელი. ისინი გმირები გახდებოდნენ, იმიტომ, რომ პატრიარქი გადაარჩინეს, მოაშორეს მტარვალი, მეუფეების მბრძანებელი შორენა თეთრუაშვილი და თვითონ ძალიან ძლიერები ჩამოვიდოდნენ აქ.

თავიდან განცხადება გაკეთდა, რომ პატრიარქის, მაღალი იერარქის ლიკვიდაცია იგეგმებოდა. ეს პროკურატურის განცხადებაც იყო და პრემიერისაც. როდესაც ეს მასალები განვიხილეთ, მკითხეს რას ფიქრობო და მე მაშინვე ვთქვი, რომ სამიზნე იყო შორენა. გიორგი კვირიკაშვილმა მისაყვედურა, შენ არასწორი ვერსიისკენ მიდიხარ, შენ ვერ წარმოიდგენ რამხელა პრობლემას უქმნიდნენ ქვეყანას და სამიზნე პატრიარქი იყოო. სავარაუდოდ, მთავარი პროკურორისგან მას მეტი ინფორმაცია ჰქონდა.

მათ უნდოდათ გავლენის შენარჩუნება. იქ რომ შორენა მოწამლულიყო, გამოძიება ხომ წავიდოდა და რაღაც ვერსიამდე მივიდოდა. იქაურ გამოძიებას შეიძლება გამოეკვლია, საიდან მოხვდა იქ ის საჭმელი და ამაზე დაედოთ რეალური გამოძიება. ანუ ესენი მაინც დისკრედიტირებული და დამნაშავეები გამოჩნდებოდნენ. ეს არ ჰქონდათ მიზნად“, – ამბობს სოსო გოგაშვილი, თუმცა ვერ ან არ აკონკრეტებს, სად შეიძინა ციანიდი გიორგი მამალაძემ.

„ციანიდი სად იყიდა, ეს მე არ ვიცი. ეს იყო ჩავარდნა, როდესაც არ მოხდა შესყიდვის და ამოღების მომენტის დაფიქსირება. რით მტკიცდება, რომ ციანიდი სპეცსამსახურებმა ჩაუდეს?“, – კითხულობს გოგაშვილი.

მისივე თქმით, გიორგი მამალაძეს და მასთან ერთად მოქმედ ჯგუფს მიზანში ამოღებული ჰყავდა არა მხოლოდ შორენა თეთრუაშვილი, არამედ მეუფეებიც, ქორეპისკოპოსები, რომლებიც, გოგაშვილის ვერსიით, მათ ხელს უშლიდნენ.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანის განცხადებით, მამალაძის ჯგუფმა მიზანმიმართულად დაიწყო შორენა თეთრუაშვილის შესახებ მითების შექმნა, თითქოს ის „იდგა პედისტალზე, მითითებებს აძლევდა მეუფეებს და რასაც იტყოდა, იმას გააკეთებდნენ“.

„ამ ადამიანებს გაუჩნდათ საპატრიარქოში გავლენის დაკარგვის საფრთხე. მათ ჰქონდათ ფინანსებთან წვდომა. ეს არ არის ის ფინანსები, რომლებიც ბიუჯეტიდან მოედინება. საუბარია შემოწირულობებეზე, რომლებიც ადრესატამდე სრულყოფილად არ მიდიოდა მათი წყალობით.

არის შემოწირულობები, რომელიც ანგარიშზე ირიცხება და არის შემოწირულობები, რომელიც ნაღდი ფულის სახით მიაქვთ საპატრიარქოში, პატრიარქის ნდობით აღჭურვილ პირებთან. ადამიანი, ვისაც ფული მიაქვს, გადამოწმებას ხომ არ დაიწყებს, დაცვამ რამდენად ბოლომდე მიიტანა? ეს მათ კეთილსინდისიერებაზეა. ხშირ შემთხვევაში ოხანაშვილს აძლევდნენ ფულს.

მათ ჰქონდათ არხები, საიდანაც ფულს შოულობდნენ და ერთ-ერთი არხი ეს იყო. ამის პრევენცია შეეძლოთ იმ ადამიანებს, რომლებიც იქ იყვნენ - ქორეპისკოპოსები და სხვა ადამიანები. მაგალითად, მახათას მთაზე ეკლესიის მშენებლობისთვის შეიძლებოდა რომელიმე ბიზნესმენს თანხა შეეწირა. იქ ამის კონტროლი შეეძლო მხოლოდ ამ ჯგუფს, მაგრამ ამ ჯგუფს თუ ჩამოიშორებ, კონტროლი არ გაქვს და 100 000-დან შეგიძლია 50 000 მიიტანო და დანარჩენი დაიტოვო, ბიზნესმენი ამის გადამოწმებას არ დაიწყებენ პატრიარქთან. ამის პრევენცია შეეძლოთ გაეკეთებინათ ჭინჭარაულს, ქორეპისკოპოსს, ბოტკოველსაც და შორენსაც.

ეს არ იყო დიდი ფულის კეთების მნიშვნელოვანი არხი, ერთ-ერთი უმნიშვნელო იყო. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ისინი უკავშირდებოდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ტენდერებში იღებდნენ მონაწილეობას, ეტყოდნენ არ მიიღოთ მონაწილეობა. ეს ვიცი ბიზნესმენებისგან, რომლებიც ამაზე წუხდნენ.

ერთხელ სცადეს ბიუჯეტის თანხების მიტაცებაც. როდესაც დაიწვა თუ დაწვეს სამების ახალგაზრდული ცენტრი, მაშინ დაცვის სამსახურმა, მამალაძემ და ჩართულმა არც თუ ისე კარგი რეპუტაციის სასულიერო პირებმა გააკეთეს კალკულაცია და ბიუჯეტიდან 3 მილიონ 600 ათასი მოითხოვეს ამ ცენტრის აღსადგენად. ჩვენ გამოვიკვლიეთ ეს საკითხი ანტიკორუფციული სააგენტოს მეშვეობით და აღმოჩნდა, რომ რეაბილიტაციისთვის მილიონ ლარამდეც არ იყო საჭირო. ეს თანხა უნდა წასულიყო მათი ახლობლის კომპანიაში, საიდანაც ერთ მილიონს დახარჯავდნენ და 2,5 მილიონი დარჩებოდათ. ვვარადუდობ, რომ შეგნებულად დაწვეს სამება. მივაწოდეთ საპატრიარქოს ინფორმაცია, რომ კომპანია უფრო ძვირად გააკეთებდა საქმეს და „ატკატი“ წავიდოდა ვიღაცების ჯიბეში. დანაშაული არ შედგა“, – განაცხადა იოსებ გოგაშვილმა.

მან „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ დანაშაული აღკვეთა და ამ საქმით წაგებული არ დარჩა.

დეკანოზი გიორგი მამალაძეს 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. იმავე წლის სექტემბერში, სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის. დეკანოზს 9 წლიანი პატიმრობა მესაჯა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ე.წ. ციანიდის საქმეზე საქმეზე სასამართლო პროცესები დახურული იყო. როგოც მაშინდელმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაჩენის გამოტანის შემდეგ განაცხადა, საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულდა.

გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]