weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

14 წლის გოგონას ცემისა და მუქარისთვის დაკავებულ ბაბუას პატიმრობა შეეფარდა

17:26 ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2021

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 წლის შვილიშვილი ცემასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებულ ბაბუას, 76 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.

სამართალდამცველებმა 76 წლის მამაკაცი 15 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, ბაბუამ 2020 წლის 10 დეკემბერს და 2021 წლის იანვარში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილიშვილს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. ბრალდების მხარის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ მამაკაცმა აღიარა, რომ შვილიშვილზე 10 დეკემბერს იძალადა.

საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 6 აპრილს 14:00 საათზე ჩაინიშნა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს ერთიდან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარდაცვლილი გოგონას მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც.

გოგონა სახლში ბაბუასთან და 18 წლის ძმასთან ერთად ცხოვრობდა. ბავშვებს მამა ადრე დაეღუპათ. უფროსი და დაოჯახებულია და მეუღლის სახლში ცხოვრობს. დედა კი სამუშაოდ თურქეთში იყო წასული. მას მშობლის უფლებები ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მამამთილის მოთხოვნით შეუზღუდეს.

თვითმკვლელობამდე ორი თვით ადრე გოგონამ და მისმა ნათესავებმა ქობულეთის პოლიციას აცნობეს, რომ არასრულწლოვანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თითქმის ორი თვე გააჭიანურა იმ საბაბით, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ ჰქონდათ, თუმცა არც სავარაუდო მოძალადე დაუკითხავთ. ამას მისი ადვოკატიც ადასტურებს. 24 წლის მამაკაცი პოლიციამ მხოლოდ 10 თებერვალს, მას შემდეგ დააკავა, რაც მსხვერპლმა თავი მოიკლა.

პროკურატურა აცხადებს, რომ 24 წლის ნ.ტ.-მ იცოდა, გოგონა თექვსმეტ წელს მიუღწეველი იყო, თუმცა, 2020 წლის ივნისსა და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამის შემდეგ მამაკაცმა გოგონასთან კონტაქტი გაწყვიტა, მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა, რითიც დაამცირა მისი ღირსება და რის გამოც ბავშვმა თავი მოიკლა.

დაკავებულს ბრალად თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარება და თვითმკვლელობამდე მიყვანა წარუდგინეს. ის წინასწარ პატიმრობაშია და დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გარდაცვლილი გოგონას დედამ თქვა, რომ 2020 წლის დეკემბერში, როცა ნათესავებმა გოგონას გაუპატიურების შესახებ პირველად გაიგეს, ვიდრე პოლიციას მიმართავდნენ, ყოფილი მამამთილის ძმის შვილებმა ბავშვს სასტიკად სცემეს. დედის ინფორმაციით, ბოლო საუბრის დროს შვილმა ისიც უთხრა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბაბუამ სახეში ხელი გაარტყა.

14 წლის გოგონას ბაბუა მიიჩნევდა, რომ მისმა შვილიშვილმა თვითმკვლელობით დანაშაული გამოისყიდა. „ბავშვმა მოიკლა თავი, მისი დანაშაული, გაუპატიურებული რომ იყო, გამოისყიდა და დამთავრდა“, – აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბარში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]