weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა

22:19 ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2021

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ გენერალური პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 16:00 საათიდან მიმდინარეობდა.

„სასამართლომ დაადგინა საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პატიმრობით შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდეს. ბრალდებულ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო შეიცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით.

ბრალდებულის პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, ხოლო დაკავების შემთხევაში, მოთავსებული იქნეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში. განჩინება შესასრულებლად დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

განჩინება შესაძლოა გასაჩივრდეს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში“, – განაცხადა მოსამართლე ჩახნაშვილმა.

მოსამართლის განმარტებით, სასამართლომ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, სადაც გაწერილია, რომ თუ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულია გირაო და არ მოხდა გირაოს თანხის გადახდა, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, გირაო შესაძლებელია შეიცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს პროკურატურა 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო - 30 000 ლარი შეუფარდა, 2 ივლისის განჩინებით კი მის მიმართ დამატებით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი (სამაჯური). გირაოს თანხა მელიამ სრულად გადაიხადა, თუმცა 2020 წლის პირველ ნოემბერს, აქციაზე მან დემონსტრაციულად მოიხსნა სამაჯური. ამის გამო, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მას 40 000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დააკისრა. გირაოს გადახდის ვადა ისე ამოიწურა, რომ ნიკა მელიას სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე თანხა არ შეუტანია. ამის შემდეგ პროკურატურამ პარლამენტს მიმართა და მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერება მოითხოვა.

გუშინ, 16 თებერვალს, პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეჩერებას, რითიც გენერალურ პროკურორს მისცა თანხმობა, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიემართა.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, აღკვეთის ღონისძიების დარღვევა, ბრალდებულისთვის პატიმრობის ან სხვა რომელიმე მძიმე ღონისძიების შეფარდების ავტომატური საფუძველი არ უნდა იყოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]