weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტს 2000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

18:46 ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2021

რიონის ხეობაში ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტს - ლაშა მიქაუტაძეს, რომელიც პოლიციამ ორი დღის წინ, აქციაზე დააკავა, ქუთაისის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო შეუფარდა 2000 ლარის ოდენობით. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 აპრილს გაიმართება.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა კობა სოხაძემ „რეგინფოს“ განუცხადა, დაკავების შემდეგ მიქაუტაძეს ბრალი სისხლის სამარლის კოდექსის  ორი მუხლით წარუდგინეს – 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა).

ლაშა მიქაუტაძე ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან გასაუბრების შემდეგ გადაწყვეტენ, გაასაჩივრებენ თუ არა მოსამართლე ციცინო მოსიძის განჩინებას.

ადვოკატის ინფორმაციით, გირაო უკვე გადაიხადეს და ბრალდებული ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორს დღესვე დატოვებს. 

ლაშა მიქაუტაძე 23 თებერვალს სოფელ ნამოხვანში დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, მიქაუტაძემ ჰესების მშენებელი კომპანიის, შპს „ენკა რინიუებლზის“ ტრაქტორის მიმართულებით ქვა ისროლა.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტების თქმით, ლაშა მიქაუტაძის გაღიზიანება  დღის განმავლობაში კომპანიის მენეჯერის, ზეკი ქოჯაოღლუს პროვოკაციულმა მოქმედებებმა გამოიწვია. აქტივისტებმა ჯერ თავად კომპანიის მენეჯერს სთხოვეს, რომ აქციის ადგილი დაეტოვებინა, შემდეგ კი ამავე თხოვნით პოლიციელებსაც მიმართეს.

„მან დილითაც გამოიარა და გამაღიზიანებლად, პროვოკაციულად იქცეოდა. მერე კიდევ გამოიარა და აღიზიანებდა ხალხს. ამან გამოიწვია ის, რომ ლაშამ ტრაქტორის მიმართულებით ქვა ისროლა. ეს ხალხი გადმოდის პროვოკაციაზე, რომ დაპირისპირება მოხდეს, რომ მართლა ქვების სროლა და სისხლიანი შეტაკება იყოს მოქალაქეებსა და პოლიციას შორის. მოვუწოდებ, ხელისუფლებას, რომ გააცნობიეროს რამდენად სერიოზულია პრობლემა“, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა ინციდენტის შემდეგ.

თავდაპირველად მიქაუტაძის საქმეზე გამოძიება ძალადობის და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით მიმდინარეობდა.

120 დღეზე მეტია რიონის ხეობაში ადგილობრივი მცხოვრებლები უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ ნამახვანჰესის მშენებლობის შეწყვეტისა და პროექტის განხორციელებაზე უარის თქმის მოთხოვნით. პოლიციამ აქცია ორჯერ დაშალა, რის შემდეგაც „ენკა რინიუებლზი“ ხეობაში სამშენებლო სამუშაოებს კანონდარღვევით აწარმოებს. 28 თებერვალს, 13:00 საათზე წყალტუბოს სოფელ ოფურჩხეთში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]