weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ალბათ ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის – ცერცვაძე

23:23 ოთხშაბათი, 03 მარტი 2021

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა მოსახლეობის ნახევარზე მეტი უკვე აცრა, ბოლო კვირაში ინფიცირების დღიური შემთხვევების რაოდენობა 4000-ზე ნაკლები არ არის. ცერცვაძის თქმით, ვაქცინა ეპიდემიის საწინააღმდეგო ერთადერთ საშუალებად არ უნდა განვიხილოთ.

„ისრაელმა პროცენტულად მოსახლეობის ყველაზე მეტი რაოდენობა აცრა. მე როგორც ვიცი, მოსახლეობის ნახევარი იყო აცრილი და ახლა ამბობენ, რომ ორი მესამედია, თან „ფაიზერის“ ვაქცინით, სავარაუდოდ, ყველაზე უკეთესით.

ყველაზე სარწმუნო მონაცემებით, ისრაელში ბოლო ერთი კვირაა ახალი შემთხვევების რაოდენობა არ ჩამოდის 4000-ზე ქვევით. მაგალითად, გუშინ 5000 ახალი შემთხვევა იყო. ისრაელი ჩვენზე სულ ორჯერ დიდია – ჩვენ ოთხი მილიონი ვართ, ისრაელი კი ცხრა მილიონი.

ჩვენ გვაქვს 300 ახალი შემთხვევა ხან - 100, ხან - 200, 400-ზე მეტი არა და ისრაელს აქვს 4000-5000 შემთხვევა.

ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ვაქცინის ეფექტურობას ეჭვის ქვეშ აყენებს. არა! მე ეჭვის ქვეშ ვაყენებ იმას, რომ ვაქცინა არ არის და არ უნდა იყოს განხილული, როგორც ერთადერთი საშუალება და სხვა ეპიდსაწინააღმდეგო, ეპიდზედამხედველობის ზომები უნდა გაგრძელდეს ერთხანს, სანამ არ იქნება ვაქცინის პარალელურად გამოგონებული ეფექტური ანტივირუსული მედიკამენტი. აი, მაშინ დამარცხდება პანდემია– ვაქცინით მოვახდენთ პრევენციას და მედიკამენტით კი ყველას განკურნებას და აღარ იქნება სიკვდილობა. მანამდე ეპიდსამსახურებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა ისევე თავგანწირვით და მონდომებით, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ.

მე ვიტყვი ამას და შემომედავოს ვინც უნდა – ჩვენი სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი უკეთესად მუშაობს ალბათ, ვიდრე ისრაელის. ცუდი რამე ვთქვი ახლა, ათასი ვინმე შემომედავება, იმიტომ, რომ მათ ვაქცინა აქვთ და ჩვენზე 10-ჯერ მეტი ახალი შემთხვევა აქვთ.

არ უნდა დავაკნინოთ ყველაფერი ჩვენი, არ უნდა გვქონდეს იმის მოთხოვნილება, რომ საქართველოში ყველაფერი ცუდია და უცხოეთში კარგი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანა და მედიკოსების ვაქცინაციის დაწყება თებერვალში იგეგმებოდა, თუმცა ეს პროცესი გადავადდა – ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მარტის ბოლომდე. მთავრობას მიმდინარე თვეში „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების დოზების მიღების მოლოდინი აქვს.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, 3 მარტს, 24 საათში ჩატარებული 25 349 ტესტის შედეგად კორონავირუსით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 119 ინფიცირებული და დაფიქსირდა გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]