weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თურნავა და დავითაშვილი ნამოხვანში აქტივისტებს შეხვდებიან

15:22 პარასკევი, 05 მარტი 2021

ნამახვანჰესთან დაკავშირებით ცაგერის კულტურის სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრები სოფელ ნამოხვანში გაემგზავრნენ. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათელა თურნავამ განაცხადა, ისინი რიონის ხეობის მცველებს შეხვდებიან და მომავალი შეხვედრის დროსა და ფორმატზე შეთანხმდებიან.

„ნამდვილად გული დაგვწყდა, რომ სხვადასხვა, ალბათ ტექნიკური პრობლემის გამო ვერ მოხერხდა უფრო სრულყოფილ, ფართო ფორმატში შეხვედრის გამართვა. კერძოდ, ის ადამიანები, რომლებიც ახლა კარვებში იმყოფებიან, ე.წ. რიონის ხეობის მცველები ვერ ან არ დაესწრნენ ამ შეხვედრას.

ამიტომ მე და ჩემმა კოლეგამ, ლევან დავითაშვილმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩავიდეთ იქ, შევხვდეთ ამ ადამიანებს, დავთქვათ მათთვის მისაღები ადგილი და ფორმატი შეხვედრისთვის; ვუთხრათ, რომ ჩვენი დიდი სურვილია მათთან საუბარი გაიმართოს; ვწუხვართ, რომ ფორმატის გამო არ ისურვეს აქ ჩამობრძანება და გვესმის მათი, რადგან ღია ფორმატი აუცილებელია. თქვენც ხედავთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება და მედია სრულად დავასწარით შეხვედრას“, – განაცხადა თურნავამ ჟურნალისტებთან.

იმის გამო, რომ, თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ცაგერის კულტურის სახლში მინისტრებთან შეხვედრა მედიისთვის დახურული უნდა ყოფილიყო, მასში მონაწილეობაზე უარი თქვეს მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წარმომადგენელმა, რომლებიც 130 დღეზე მეტია ნამახვანჰესის პროექტის წინააღმდეგ აქციებს მართავენ და ღამეებს კარავში ათევენ. ნათელა თურნავამ ჟურნალისტების დასწრების შესახებ გადაწყვეტილება შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღო. 

გუშინ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებს ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით რეგიონში ჩასვლა, მოსახლეობასთან შეხვედრა და ინფორმაციის მიწოდება დაავალა. გარდა ამისა, ღარიბაშვილის თქმით, ამ საკითხზე პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებიც უნდა გაიმართოს.

28 თებერვალს ქუთაისში გამართულ მრავალათასიან საპროტესტო აქციაზე საქართველოს მთავრობას 14 მარტამდე მისცეს ვადა, რომ უარი თქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, თურქულ კომპანია „ენკა რინიუებლზს“ დაატოვებინოს რიონის ხეობა და გააუქმოს ერთი წლის წინ მიღებული დადგენილება, რომლითაც „ენკას“ ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ლეჩხუმსა და ზემო იმერეთში, ასობით ჰექტარი 99 წლით გადასცეს. აქციის შემდეგ შეჩერებულია ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც „ენკა“ მანამდე პოლიციის თანხლებით ახორციელებდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული 80-მდე აქტივისტი სოფელ ნამოხვანში 24 საათის განმავლობაში მორიგეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]