weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

იგივე პოზიციაზე ვარ, თუ ვინმე დედას შემაგინებს, ჩემს ოჯახს შეეხება, პასუხს მოვთხოვ – ბერა

01:22 ოთხშაბათი, 10 მარტი 2021

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის განცხადებით, სატელეფონო საუბრებს, რომლის ფარული აუდიოჩანაწერები ტელეკომპანია „პირველმა“ გამოაქვეყნა და სადაც მის გარდა ირაკლი ღარიბაშვილიც ფიგურირებს, 2011 წელს ჰქონდა ადგილი. ამის შესახებ ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

ივანიშვილის თქმით, 2011 წელს არა მხოლოდ მის ოჯახს, არამედ გულშემატკივრებსაც ემუქრებოდნენ. ის ადასტურებს, რომ მუქარის ავტორებს მისი დაცვის სამსახურის წარმომადგენლები აკითხავდნენ.

„ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულში. მე მაშინ ვიყავი 15-16 წლის თინეიჯერი. გულწრფელად გეტყვით, ეს ჩემთვის უბრალოდ შოკისმომგვრელი მოვლენა იყო, რადგან აქამდე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი წყევლა-კრულვა, შეურაცხყოფები, რაღაც მუქარები ჩემი მისამართით, ჩემი ოჯახის მისამართით არ ყოფილა და ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი იყო კონკრეტულად ჩემს გულშემატკივრებზე, 10-11 წლის ბავშვებზე მასიური, 100-200 კაციანი ჯგუფების თავდასხმა. იქ იყო მუქარა, რაღაც საზიზღარი პორნოგრაფიული სურათები, იქ წერდნენ ბავშვებს, ჩვენ შენთან სახლში მოვალთ, შენ ბერა ვერ დაგიცავს, ბერას კიბო აქვს. ისეთ საზიზღრობებს ამბობდნენ, ვერც კი გავიმეორებ, რაზეც რამდენიმე ბავშვის მშობელს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, ისინი  დაგვიკავშირდნენ ჩვენ, ჩვენ ვალდებულები ვიყავით ეს გადაგვეცა დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის ეთიკის თუ მორალის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები.

იქ იმ ჩანაწერებშიც გარკვევით ისმის, რომ როდესაც საუბარი მიდის არასრულწლოვანზე, ამ საუბარს ესწრებიან მისი მშობლები, უფროსი მეზობლები და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება თუ დარიგება“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

შეკითხვაზე, ავთენტურია თუ არა გავრცელებული ჩანაწერი, ბერა ივანიშვილი პასუხობს, რომ ამ საკითხზე კამათსაც არ დაიწყებს, რადგან დღესაც იგივე პოზიციაზეა.

„მე არც კი დავიწყებ ამაზე კამათს. იყო თუ არა ავთენტური, დაამონტაჟეს თუ არა - ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ. პირდაპირ ვიტყვი, რომ მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს. ერთი ვაჟკაცი, ერთი ქართველი კაცი მანახეთ, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრისაა“, – აცხადებს ბერა ივანიშვილი.

მან კომენტარი გააკეთა გავრცელებული ჩანაწერების ერთ-ერთ ფიგურანტთან დაკავშირებითაც:

„როგორ გავამტყუნო ჩემი ძმაკაცი, ჩემი მეჯვარე ამიკო, რომელიც გამოიყვანეს ლაკი ლუჩიანო თუ პაბლო ესკობარი; ის, რომელიც ჩვენს ოჯახში არაერთხელ ყოფილა და უცებ ინტერნეტში ვიღაც გიჟის ნაწერს კითხულობს, რაღაც საზიზღრობას ჩემს დედიკოზე და ის ამაზე რეაგირებას აკეთებს, კი არ გავამტყუნებ, მეც იგივეს ვიზამ ჩემი ძმაკაცის დედაზე რომ ვნახო მსგავსის სიტყვები. მეც იგივენაირად ვიმოქმედებ, თავს ვერ შევიკავებ“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, სოციალურ ქსელებში ბულინგი და უკანონო მოსმენები მიმართული იყო იქითკენ, რომ პროვოკაციაზე წამოეგოთ: „როგორ ფიქრობთ, როდესაც ისინი ამ ყველაფერს მართავდნენ და აკონტროლებდნენ, ჩვენ რომ რაიმე შეგვშლოდა და შეცდომა დაგვეშვა, გვაპატიებდნენ?“.

ტელეკომპანია „პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ. „პირველის“ ცნობით, ჩანაწერებიდან ირკვევა, როგორ სჯიან ახალგაზრდებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, რომლებმაც გაბედეს და სოციალურ ქსელში ბერას შეურაცხყოფა მიაყენეს. ტელეკომპანიის ცნობით, სატელეფონო საუბრების ჩანაწერები კონფიდენციალურმა, ანონიმურმა წყარომ გადაცემას „ნოდარ მელაძის შაბათი“ გაუგზავნა და მათთვის არ არის ცნობილი, როდის და რა ვითარებაშია ჩაწერილი საუბრები.

პროკურატურამ ჩანაწერების მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად გამოძიება დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]