weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მივუტევოთ ერთმანეთს, მოლოდინები ასცდა - თურნავა 12 მარტის ჩაშლილ შეხვედრაზე

12:37 კვირა, 14 მარტი 2021

„12 მარტის შეხვედრამ ორივე მხარეზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. ჩვენ ავცდით ერთმანეთს მოლოდინებსა და ამოცანებში. არ გვქონია დაგეგმილი, რომ შეხვედრაზე ბოლომდე დავრჩებოდით. თავიდანვე ჩავთვალეთ, რომ ის ამოცანა, რაც ჩვენს წინაშე დასვეს, უფრო უპრიანი იქნებოდა გამოცდილი გუნდის და სპეციალისტების მეშვეობით ყოფილიყო ახსნილი, ხოლო ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მისია შევასრულეთ. ჩვენ არა უბრალოდ მსჯელობა ჩავიტანეთ იქ, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემაში „რეალური სივრცე“.

„თუ კი ადამიანებს მართლაც სურთ და ალბათ, სურთ, რომ გულწრფელად მოისმინონ არგუმენტები იმაზე, რატომ მივეცით ინვესტორს კერძო საკუთრებაში მიწა, რატომ ამდენი ჰექტარი, რა წერია ხელშეკრულების ამა თუ იმ მუხლში, რა სიმძლავრეზეა გათვლილი სეისმურად, მინისტრები პასუხობდნენ მაინც და მაინც, ეს არ არის აუცილებელი. ეს არის აკადემიური, ტექნიკური საუბარი. ვისაც მართლა უნდა რომ მოისმინოს და გაიგოს, იქ ადამიანები იყვნენ, მაგალითად, იურისტი რეზო ტყავაძე, რომელიც უშუალოდ იყო ჩვენი დავალებით ჩართული ამ მოლაპარაკებებში. ჩემზე უფრო კომპეტენტურად გასცემდა მათ პასუხებს. ცოტა უცნაური იყო იმის მოსმენა, რომ თქვენ, მეგობრებო ყველანი ზედმეტები ხართ, კი ბატონო, თქვენ იყავით ჩართულები, პასუხებსაც გაგვცემთ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ერთი ადამიანისგან გვინდა მოვისმინოთ პასუხი.

მეჩვენება, რომ ამ ბოლო დროს, ეს შეხვედრები 20 ჟურნალისტის თანდასწრებით, ლაივის თანდასწრებით, კი, გახსნილობა კარგია, მაგრამ უფრო მეტად შოუს ელემენტებს იძენს, იმიტომ რომ მეტი ყურადღება მიიპყრონ საზოგადოების მხრიდან, ვიდრე პასუხები მიიღონ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, მოლოდინი ჰქონდათ, რომ სპეციალისტების მონაწილეობით საქმიანი დისკუსია იქნებოდა, მეორე მხრიდან კი, ალბათ უფრო პოლიტიკური დისკუსიის გამართვა სურდათ.

„იმიტომ, რომ მე პოლიტიკური თანამდებობის პირი გახლავართ, არც ეგ არის პრობლემა. ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ შემდგომ დღეებში შეხვედრები, ალბათ ერთი და ორი დღის ამბავი არ არის იმიტომ, რომ პროექტი და პროცესი დიდია, კონკრეტულად იმ შემოთავაზებების ირგვლივ, რაც არის ჩვენი მხრიდან, შეთავაზებები და გადაწყვეტილებები. არ არის პატარა საქმე ის, რომ

კაშხლის მშენებლობა, რომელიც ძირითად წუხილს და შფოთს იწვევს მოსახლეობაში, გადაიდება მიუხედავად იმისა, რომ ახლავე იყო დაგეგმილი. კვლევები, რასაც საზოგადოება თვლის, რომ უნდა იყოს გადამოწმებული, ჩვენ მიგვაჩნია, რომ კარგად არის ჩატარებული, მაგრამ იმისთვის, რომ ჭოჭმანი მოიხსნას, სიმშვიდე სუფევდეს, მზად ვართ, რომ ჩავატაროთ ხელახლა, იმ ექსპერტების მოხმობით, ვინც თუნდაც იმ დარბაზში იყვნენ.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფონდიც, არასწორი ინტერპრეტაცია იყო, რომ თითქოს რამდენიმე ადამიანის მოსყიდვას ემსახურება ეს ფონდი, ეს არასწორი მსჯელობაა“,- აღნიშნა თურნავამ.

ნამახვანჰესთან დაკავშირებით რიონის ხეობის მცველებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან 12 მარტს გამართული შეხვედრა, დაწყებიდან 9 წუთში დატოვეს ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა, რომლებიც ქუთაისში თბილისიდან ჩავიდნენ.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ შეხვედრას ცოტა ხნით ტოვებდნენ, რათა ჟურნალისტებთან კომენტარი გაეკეთებინათ, თუმცა თურნავა დარბაზში აღარ დაბრუნებულა. ჟურნალისტებთან კომენტარის შემდეგ ლევან დავითაშვილი შეხვედრის მონაწილეებს გამოემშვიდობა. მინისტრებმა მაგიდასთან სამინისტროების და სახელმწიფო კომპანიების წარმომადგენლები დატოვეს.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ამ საქციელით მთავრობის წევრებმა მოსახლეობა მასხრად აიგდეს და კიდევ ერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა, რის გამოც ისინი ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან ნათია თურნავას გათავისუფლებას ითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]