weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

წელიწადში 80-მდე მსგავსი შემთხვევა გვაქვს – ტიკარაძე ახალციხის შემთხვევაზე

22:05 ხუთშაბათი, 18 მარტი 2021

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ანაფილაქსიური შოკი, რომელიც ახალციხეში, „იმედის“ კლინიკის 27 წლის ექთანს კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ განუვითარდა, არ არის იმის საფუძველი, რომ ვაქცინაცია შეჩერდეს ან რისკები შეექმნას.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, წლის განმავლობაში 60-დან 80-მდე მსგავსი შემთხვევა ფიქსირდება, რაც საზოგადოებისთვის უცნობი რჩება.

„ეს არ არის გართულება, რომელიც შეიძლება ახლდეს მხოლოდ ვაქცინაციას, კონკრეტულად „ასტრაზენეკას“. ეს არის ისეთი გართულება, რომელსაც ხშირად აქვს ადგილი სამედიცინო სფეროში. ჩვენ შევისწავლეთ სტატისტიკა, რომელიც საქართველოსთვის არის დამახასიათებელი და წლის მანძილზე გვაქვს 60-დან და 80-მდე მსგავსი შემთხვევა, რომელიც უბრალოდ არ ხდება საზოგადოებისთვის და მედიისთვის ცნობილი.

ასევე, გვაქვს სტატისტიკური მონაცემები „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში, როდესაც 7 მილიონ ვაქცინირებულ ადამიანზე მოხდა მხოლოდ 41 შემთხვევის დაფიქსირება და აქედან არცერთი არ ყოფილა ლეტალური. აქედან გამომდინარე, ეს არ იძლეა იმის საფუძველს, რომ პროცესი შეჩერდეს ან გარკვეული რისკები შეექმნას.

ყველა დაწესებულებას გააჩნია „ჩეკლისტი“, რომელიც აუცილებლად ივსება, ვიდრე მოხდება პაციენტის ვაქცინაცია. ჩვენთვის ცნობილია, რომ პაციენტს ალერგიული რეაქციები არ აღენიშნებოდა. ის ყოველწლიურად იცრებოდა გრიპის ვაქცინით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ჩატარებული პირველადი მოკვლევით დადგინდა, რომ ექთანს ყველა საჭირო დახმარება დროულად აღმოუჩინეს. მინისტრის ინფორმაციით, შემთხვევას გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი შეისწავლის.

„ის კლინიკები, რომლებიც დღეს შერჩეულია ვაქცინაციისთვის, შეესაბამება საქართველოს მიერ დადგენილ სტანდარტებს და ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მოთხოვნებს. დეტალურ მოკვლევას ახორციელებს რეგულირების სააგენტო და ხვალისთვის გვექნება დეტალური სია იმის, თუ რა ღონისძიებები გატარდა, რომელიც ამ ეტაპისთვის, პირველადი ანალიზის შედეგად, არის სრულიად დამაკმაყოფილებელი.

პაციენტი გადმოყვანილია საუნივერსიტეტო კლინიკაში და აქაც ჩვენ გვაქვს განხორციელებული დამატებითი ღონისძიებები, კერძოდ, ექიმების მულტი-პროფილური გუნდი გამართავს კონსილიუმს, რის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება პაციენტის მკურნალობის ტაქტიკა.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ექიმების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ ძალიან მალე გვექნება საიმედო გამოსავალი პაციენტთან მიმართებაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანი 12:15 საათზე აიცრა, 30 წუთში კი დაუყოვნებელი რეაქცია განუვითარდა.

საქართველოში ვაქცინაცია შვედურ-ბრიტანული კომპანია „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინით მიმდინარეობს. 43 200 დოზა ვაქცინა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იცრებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]