ლაილაშის თემში ცაგერის მერის წარმომადგენელმა, ზვიად თვარაძემ „რეგინფოს“ უთხრა, რომ ლაილაშიდან ღუმდე გადაადგილება როგორც ავტომობილით, ისე ქვეითად, სახიფათოა. მისივე თქმით, ვითარების გასაცნობად ღუმდე ფეხით სოფელ ლაჯანას მხრიდან მივიდნენ. სწორედ იქიდან განიხილება ღუმდე ალტერნატიული საავტომობილო გზის გაყვანა.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მასშტაბური მეწყრული პროცესების პროვოცირება ხანგრძლივმა წვიმამ გამოიწვია. სტიქიის ზონაში გეოლოგების ჯგუფი მუშაობს. „გეოლოგებმა ოპერატიულად განახორციელეს პირველადი კვლევები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ადგილი აქვს ძველი მასშტაბური მეწყრის გააქტიურებას. მეწყრის მასშტაბურობიდან და რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე გზის აღდგენა ვერ ხერხდება და მიმდინარეობს სოფლის დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის დერეფნის შერჩევა, რაშიც აქტიურად არის ჩართული გეოლოგების ჯგუფი“, – აღნიშნეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი პარმენ მარგველიძე ამბობს, რომ ალტერნატიული გზის გასაყვანად სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.
მდინარე ლაჯანურის წყალსაცავის მარცხენა ფერდობზე მეწყრული ზონის შესახებ ინფორმაცია მოცემულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ გეოლოგიურ ბიულეტენში. დოკუმენტის თანახმად, საშიშროების რისკი მაღალია. მეწყერი აზიანებს ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზას, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და ებრაელთა ძველი დასახლების სასაფლაოს ტერიტორიას.
ამ თემაზე: