weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვაშლიჯვრის მოსახლეობა მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს

14:39 შაბათი, 27 მარტი 2021
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ფოტო დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ფოტო

მეწყერულ ადგილთან მცხოვრებმა მოსახლეობამ თბილისის მერიაში შეიტანა პეტიცია, რომლითაც ითხოვენ, გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში ყველა ტიპის მშენებლობაზე, შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე ექსპერტიზა არ დაადასტურებს მის უსაფრთხოებას.

პეტიციის ავტორებისა და ხელმომწერების კიდევ ერთი მოთხოვნაა ის, რომ შეიქმნას დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც სრულად გამოიკვლევს ლისის ქედს და მუშაობაში მოსახლეობასაც ჩართავს. ადგილობრივები დაზიანებულ ფერდზე მონიტორინგის სისტემის დამონტაჟებას და მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიურ ანალიზსაც ითხოვენ.

„ვაშლიჯვრის მოსახლეობამ, დაახლოებით 5 ათასამდე ადამიანმა, თბილისის მერიას მივმართეთ პეტიციით, რომელითაც ვითხოვთ, რეაგირება მოახდინონ აქტიურ მეწყერზე, რომელიც ვაშლიჯვრის თავზეა და ყოველ დღე ემუქრება ჩვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

სამწუხაროდ, ერთი კვირა გავიდა და მოსახლეობამ არ ვიცით ზუსტი პასუხი, თუ რა ზონაა საფრთხის ქვეშ, გვესაჭიროება თუ არა ევაკუაციაა და როგორია გრძელვადიანი გეგმა“, – განაცხადა პეტიციის ერთ-ერთმა ხელმომწერმა.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მეწყრული პროცესის დაწყების დღიდან მიმდინარეობს მონიტორინგი, მომავალი კვირის ბოლოს კი მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდება.

„ვაშლიჯვრის მეწყერთან დაკავშირებით დიდი ხანია, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, სადაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად შედიან დამოუკიდებელი ექსპერტები. ამას გარდა, თბილისის მერმა მოუწოდა სპეციალისტებს, შემოუერთდნენ ჯგუფს და ჩაერთონ პროცესში“, – განაცხადეს თბილისის მერიაში და აღნიშნეს, რომ პეტიციას შესაბამისი პასუხი გაეცემა.

რაც შეეხება მოსახლეობის ევაკუაციას, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა გუშინ თქვა, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ევაკუაციის გეგმა დეტალურად არის გაწერილი.

„ნებისმიერ წუთს, თუ აქ სცენარი გაუარესდება და მეწყერი ბევრად უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს, აუცილებლად, პირველი ღონისძიება იქნება უსაფრთხოების ნორმები მოსახლეობის ჯანმრთელობიდან გამომდინარე“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

ვაშლიჯვრის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, მაჭავარიანის ქუჩასთან არსებულ ფერდზე მეწყერული პროცესების განვითარების შესახებ საზოგადოებისთვის დაახლოებით ერთი კვირის წინ გახდა ცნობილი, როდესაც სოციალურ ქსელში ფერდზე გაჩენილი ნაპრალების ფოტოები გავრცელდა.

პირველადი შეფასებით, მეწყერული მასის მოცულობა ნახევარი მილიონი კუბური მეტრია, ნაპრალების სიღრმე 18 მეტრამდეა, მეწყერული სხეული კი დღეში 5 სანტიმეტრით გადაადგილდება.

თბილისის მერიამ მეწყერის შესასწავლად სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელშიც ორი გერმანელი სპეციალისტიც არის ჩართული. ისინი საქართველოში გასულ კვირაში იმყოფებოდნენ. როგორც მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, დაიგეგმა უახლოეს პერიოდში შესასრულებელი სამუშაოები.

„წლების მანძილზე აქ მიმდინარეობდა გარკვეული სახის მშენებლობები. ჩვენი პირველი ამოცანაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თვითონ ამ ფერდს, მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დაუყოვნებლივ დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა. ამ ღონისძიების ძირითადი დანიშნულება იქნება ის, რომ გარკვეულწილად შევამციროთ აქტიური მეწყერი, რომელიც მოძრაობაშია. წინაღობა გაკეთდება და ეს იქნება დროებითი.

ამის შემდეგ მოეწყობა უსაფრთხო მისასვლელი გზები უშუალოდ მეწყრულ ადგილზე. შემდეგში მოხდება გარკვეულ უბნებზე მიწის მასების მოჭრა და გატანა. ტერასული ტიპის გარკვეული სამუშაოები უნდა განხორციელდეს. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დაანკერება, რაც ნიშნავს, რომ ეს მცოცავი ფერდის მოძრაობის შეჩერება სხვა ღონისძიებებთან ერთად მოხდეს ანკერული პრინციპით. ეს მეთოდი არ არის ჩვენ მიერ მოგონილი, აპრობირებული მეთოდია, თბილისშიცაა გამოყენებული, წყნეთი-ბეთანიის მეწყრის დროს და ა.შ.“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]