weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მეწყრით დაზარალებულმა სოფელმა ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის დახმარება არ მიიღო

20:35 ორშაბათი, 29 მარტი 2021

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ღუ, სადაც 10 ოჯახი ცხოვრობს, ლაჯანურჰესის წყალსაცავთან განვითარებული ძლიერი მეწყრული პროცესების გამო, გარესამყაროს ერთი კვირის წინ მოწყდა. მეწყერმა ლაილაშისა და ღუს დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზა წაიღო. სოფელში მისვლა მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი. არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ ხელისუფლებას ამ დრომდე ალტერნატიული გზის გაყვანა არ დაუწყია.

სოფლის მოსახლეობას დახმარება ნამახვანჰესის მშენებელმა კომპანიამ შესთავაზა. როგორც „რეგინფოს“ ღუს მცხოვრებლებმა უთხრეს, „ენკა რინიუებლზის“ წარმომადგენლები სოფელში ორი დღის წინ მივიდნენ და მოსახლეობას საკუთარი ტექნიკით გზის გაჭრას დაპირდნენ.

სოფელში ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ზვიად თვარაძის თქმით, ადგილობრივები „ენკას“ წარმომადგენლებს დახმარების მიღებაზე თითქმის დასთანხმდნენ, თუმცა იმავე საღამოს უარი თქვეს. „მიზეზი არ უთქვამთ“, - ამბობს თვარაძე.

ღუში დღეს მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტები იმყოფებოდნენ. ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ორგანიზატორს ვარლამ გოლეთიანს მიაჩნია, რომ ხელისუფლება შექმნილ ვითარებას ბოროტად იყენებს და ცდილობს „ენკა რინიუებლზი“ პასუხისმგებლიან კომპანიად წარმოაჩინოს.

„ჩვენ ამ პროცესში არ ჩავრეულვართ. თვითონ ამ ხალხმა თქვა უარი დახმარების მიღებაზე. როცა გავიგეთ, რომ ამ გზის გაკეთების პროცესში კომპანია „ენკას“ მონაწილეობაზე სოლიდარობის ნიშნად უარი განაცხადეს, აქ მოვედით.

კომპანია „ენკას“ ტერიტორიულად აქ სამუშაოების ჩატარება არ ეხება. ნამახვანჰესი რიონის ხეობაში შენდება, ეს კი ლაჯანურის ხეობაა. ის ადგილი, სადაც ნამოხვანში ჰესი უნდა აშენდეს, ლეჩხუმის ნაწილია, ლაჯანურის ხეობაც ლეჩხუმია, მაგრამ „ენკას“ დაფარვის არეალში არ შედის.

ხელისუფლებასა და კომპანია „ენკას“ შორის კომუნიკაცია იმ თვალსაზრისით დამყარდა, რომ ახლა პრობლემები აქვთ, ყველამ გაიგო, ანტისახელმწიფოებრივ დოკუმენტზეა ხელი მოწერილი და ამას ქვეყნის მოსახლეობა არ ეთანხმება. ცდილობენ, „ენკა“ განსაკუთრებულად პასუხისმგებლიან კომპანიად წარმოაჩინონ, თითქოს მოსახლეობას იმ ნაწილშიც უდგანან გვერდში, რაც არ ეხებათ“, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

ლაილაშის და ღუს დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ისეა დამეწყრილი, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია. დამეწყრილ ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილებაც სახიფათოა.

ადგილობრივი ხელისუფლება ალტერნატიული სამანქანო გზის გაყვანას სოფელ ლაჯანას მხრიდან აპირებს. საყურადღებოა, რომ ამ მხარესაც მეწყრული ზონაა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ „რეგინფოს“ უთხრა, რომ სამუშაოებს გამარტივებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს და ხარჯები მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაიფარება. უგრეხელიძის ინფორმაციით, ტალახის დიდი ფენის გამო ჯერჯერობით სამუშაოების დაწყება შეუძლებელია. მისივე თქმით, დაახლოებით 500 მეტრზე ახალი გზა უნდა გაიჭრას, 1.5 კილომეტრი კი მოიხრეშოს და წყალამრიდები მოეწყოს.

მდინარე ლაჯანურის წყალსაცავის მარცხენა ფერდობზე მეწყრული ზონა რომ მაღალი საშიშროებისაა, ეს გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოს 2019 წლის გეოლოგიურ ბიულეტენშია მოცემული.

113.7 მგვტ სიმძლავრის ლაჯანურჰესი ერთ-ერთი დიდი ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში, პირველი მაღალი თაღოვანი კაშხლით (კაშხლის სიმაღლე 69.0 მ) და მიწისქვეშა ჰესის შენობით.

ლაჯანურჰესი მუშაობს მდინარე ლაჯანურის და რიონის აუზში გადმოგდებული მდინარე ცხენისწყალის ჩამონადენზე. ლაჯანურჰესი ექსპლუატაციაში 1960 წელს შევიდა. ჰესის საპროექტო გამომუშავება 438.0 მლნ კვტ.საათია.

5 თვეზე მეტია მოსახლეობა რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებს. არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სხვადასხვა უნივერსიტეტიდან გარემოსდამცველებს, სეისმოლოგებს, გეოლოგებს მიაჩნიათ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობა რიონის ხეობაში უკვე არსებულ მეწყრულ პროცესებს კიდევ უფრო გააქტიურებს, რაც არამხოლოდ ლეჩხუმისა და ზემო იმერეთის სოფლებს, არამედ ქალაქ ქუთაისსაც საფრთხეს შეუქმნის. ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები არაერთ არგუმენტს ასახელებენ, რის გამოც მათ მიაჩნიათ, რომ მთავრობამ პროექტის განხორციელებაზე უარი უნდა თქვას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]