weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან – პრემიერი

10:55 პარასკევი, 02 აპრილი 2021

„მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება ყველა პირი, ვინც არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში არის დამნაშავე. ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და საერთაშორისო ბერკეტს“, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

დღეს 2018 წელს, ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა.

„დღეს ჩვენი დროის გმირი, არჩილ ტატუნაშვილი 38 წლის გახდებოდა. თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში იგი საკუთარ თავში განასახიერებდა ქართველი კაცის ყველა საუკეთესო თვისებას. ოკუპაციასთან მისი შეურიგებლობა და სამშობლოს ერთგულება სამაგალითოა ჩვენი ახალგაზრდობისთვის, საზოგადოების თითოეული წევრისათვის, მომავალი თაობებისათვის“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. 23 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ცხინვალში გარდაიცვალა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, დაკავების შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის დროს ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც ძალის გამოყენება გახდა საჭირო, რა დროსაც დაკავებული იზოლატორის კიბეზე დაგორდა. ცხინვალის ვერსიით, ტატუნაშვილი საავადმყოფოში გადაყვანიდან ორ საათში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, გარდაცვლილის ოჯახი და საპატრიარქო ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. საბოლოოდ, ცხედარი „წითელი ჯვრის“ ჩართულობით ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს.

2020 წლის დეკემბერში მცხეთის რაიონულმა სასამართლომ არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულები, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები - დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ.

ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მიღებული დაზიანებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა“, – აცხადებს საქართველოს პროკურატურა.

გურწიევსა და ტაბოევს სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ მიმართ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]