weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვისჯები სიმართლის თქმისთვის, დღეს ეკლესია ასეთ ადამიანებს გვდევნის – მონაზონი სოსანა

16:42 პარასკევი, 02 აპრილი 2021

მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გადაყენებული, შემდეგ კი მონასტრიდან გაძევებული მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) აცხადებს, რომ ის სიმართლის თქმისა და შეკითხვების დასმის გამო ისჯება. დედა სოსანა და მორჩილი ნინო წუხელ თბილისიდან, საპატრიარქოსთან გამართული აქციიდან, დაბრუნებულები მონასტერში არ შეუშვეს და შესვლის უფლებას ამ დრომდე არ აძლევენ.

ტელეკომპანია „პირველთან“ ჩართვაში დედა სოსანა ამბობს, რომ მონასტრის კარი უკანონოდ დაუხურეს. მისი თქმით, მედიიდან შეიტყო ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილის) იმ ბრძანების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ის, „მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევების გამო“, დედათა მონასტრიდან გარიცხულია და სინანულისთვის სხვა მონასტერშია გამწესებული.

დედა სოსანა ამბობს, რომ მონასტრის წესები არ დაურღვევია და წინამძღვარმა იცოდა, რომ გუშინ თბილისში მიდოდა.

„ეს არ არის კანონიერი გადაწყვეტილება. მონასტრის წინამძღვარს, რომელიც არასწორად არის დანიშნული, დილით ვუთხარი, რომ ჩემს მორჩილთან ერთად მივდიოდი თბილისში და იმ დღესვე დავბრუნდებოდი. ვთხოვე, რომ მონასტრის კარი არ დაეკეტა, რაზეც არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. არც ის უკითხვას, რატომ მივდიოდი თბილისში, რა ტკივილები მიმქონდა პატრიარქამდე და სინოდის წევრებამდე. ამით არ დაინტერესებულა.

არანაირი მონასტრული კანონი არ დამირღვევია, რაშიც ცილს მწამებენ. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, მეუფე სტეფანე არის ცილისმწამებელი და ცრუ ეპისკოპოსი. სახარაბა და წმინდა წერილი მიკრძალავს, რომ ასეთ ეპისკოპოსს დავემორჩილო.

ეს ადამიანი ვერ გადაარჩენს თავის სამწყსოს, მას უნდა შეუჩერდეს მღვდელმსახურება, სასწრაფოდ შედგეს ზნეობრივი კომისია და თუ ვინმეს მოსანანიებელი აქვს მონაზვნების წინაშე, საქართველოს ეკლესიის წინაშე, ეს არის სტეფანე კალაიჯაშვილი. მან შეურაცხყოფა მიაყენა მთელ ეკლესიას, დაანგრია მისი ავტორიტეტი. ამისთვის უნდა აგოს პასუხი, გადადგეს და განმწესდეს მონასტერში სინანულისთვის“, – ამბობს მონაზონი.

მისივე განცხადებით, მეუფე სტეფანე სჯის იმისთვის, რომ ითხოვს ეკლესიაში საეკლესიო სასამართლოს აღდგენას და ყველა პრობლემური საკითხის გაფართოებულ სხდომაზე გადაწყვეტას. ერთ-ერთი ასეთი საკითხი ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის ბრალდებაა კათოლოკოს-პატრიარქის მამათმავლობის შესახებ.  

„პატრიარქს ბრალდება აქვს წაყენებული. მას ჰქონდა ერთი წლის განმავლობაში დრო, რომ თავი ემართლებინა, დაემტკიცებინა საზოგადოებისთვის და ეკლესიის წევრებისთვის, რომ ის მართალია. ეს მან არ გააკეთა. აქედან გამომდინარე მიჩნდება ეჭვი, რომ მეუფე პეტრეს მიერ წაყენებული ეს ბრალდება არის სამართლიანი. მე მაქვს სრული უფლება, ის აღარ მოვიხსენიო ტიტულით, თუმცა ტიტულის გარეშე  საჯამრთელო პარაკლისებშიც და პირად ლოცვებშიც ვიხსენიებ.

სასულიერო პირების მიმართ ეკლესიაში უმძიმესი მდგომარეობაა, მრევლში ამდენი ადამიანი ჰყავთ დაბრკოლებული. ამ ტკივილით ვიყავი მისული მეუფე სტეფანესთან. მან დამცინავად, ირონიულად, არაქრისტიანული სიტყვებით მომმართა და ვისჯები იმისთვის, რომ შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე გული მტკივა, ამაზე ვსაუბრობ და კითხვებს ვსვამ. მე არ ვისჯები რაიმე კანონების ან მორჩილების უხეში დარღვევისთვის, მე ვისჯები მხოლოდ სიმართლის თქმისთვის.

დღეს ეკლესია დევნის სიმართლეზე მოსაუბრე ადამიანებს ეკლესიიდან.  საპატრიარქო უხეშ ზეწოლას ახდენს ყველა იმ ადამიანზე, ვინც უსამართლობის წინააღმდეგ აღიმაღლებს ხმას“, – ამბობს მონაზონი სოსანა.

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც თებერვალში ეს ეპარქია სამართავად ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს ჩააბარეს. მანამდე, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) იყო, რომელმაც თანამდებობა საკუთარი სურვილოით დატოვა.

წლების განმავლობაში ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე პეტრე (ცაავა) მართავდა. წმინდა სინოდმა ის მღვდელმთავრობიდან 2019 წლის ოქტომბერში გადააყენა „კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და წმინდა სინოდის მიმართ საჯაროდ არაერთგზის გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო“. მეუფე პეტრე აცხადებს, რომ ილია მეორე მამათმავლური ცოდვით არის შეპყრობილი და შეუძლია ეს ბრალდება მოწმეებით დაადასტუროს.

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი მხარს უჭერს მეუფე პეტრეს და მის ბრალდებებზე გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]