გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 1968 წელს გახდა მწერალთა კავშირის წევრი. გურამ დოჩანაშვილი პირველი მოთხრობები ჟურნალ „ცისკარში“ 1961 წელს დაიბეჭდა, ხოლო 1966 წელს 7 აპრილს გამოიცა მწერლის პირველი წიგნი - „მთის გადაღმა“. 1975-1985 წლებში გურამ დოჩანაშვილი ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილებას განაგებდა, მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში, 1985 წლიდან კი წლების მანძილზე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარ რედაქტორად მუშაობდა.
მწერლის ცნობილი რომანები და მოთხრობებია „სამოსელი პირველი“, „ლოდი ნასაყდრალი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ერთი რამის სიყვარული დამალვა რომ სჭირდება“, „ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოები“ და სხვა. გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება მრავალ ენაზეა თარგმნილი, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო არაერთ ცნობილ კინოფილმსა და ტელესპექტაკლს.
გურამ დოჩანაშვილს 2020 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს, 2018 გახდა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატი პროზაული ნაწარმოებისთვის „ბრმადყოფილზე, და...“ და ასევე მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის, 2013 წელს მიღებული აქვს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - წმინდა გიორგის ოქროს ორდენი, დიდი წვლილისა და მაღალი სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების დამკვიდრებისთვის. მწერალი იყო ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.