weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს ბრალი დაუმძიმდა

17:14 სამშაბათი, 06 აპრილი 2021
მთავარი არხის ფოტო მთავარი არხის ფოტო

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ვანო ზანდარაშვილს ბრალი დაუმძიმდა.

ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. საქმეზე წინასასამართლო სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში 8 აპრილს არის ჩანიშნული.

ზურაბ საჩიშვილი გასული წლის 25 დეკემბერს, სოფელ იყალთოს ცენტრში, ავტომობილში მოკლეს. შემთხვევა ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა. მანამდე, საჩიშვილი, ვანო ზანდარაშვილი და თელავის მერიის თანამშრომლები – იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი და მერიის სპეციალისტი ბიძინა ხატიაშვილი იყალთოში მცხოვრებ დავით ლაჩაშვილის სახლში, დაბადების დღის სუფრაზე იმყოფებოდნენ.

პროკურატურის ვერსიით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაში, ვანო ზანდარაშვილსა და ზურაბ საჩიშვილს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ რა დროსაც ზანდარაშვილმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მის სახელზე გაპიროვნებული სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურაბ საჩიშვილს ახლო მანძილიდან დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა. ის მიყენებული მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პროკურატურის ცნობით, ვანო ზანდარაშვილის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ერთი ტყვია ხელის არეში მოხვდა ავტომანქანაში ზურაბ საჩიშვილის გვერდით მჯდომ ლევან ბერძენაშვილს, რითაც მას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიადგა.

დავით ლაჩაშვილი, რომელიც დაბადების დღეს აღნიშნავდა, აცხადებს, რომ საჩიშვილი და ზანდარაშვილი მანამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ და სუფრაზე მათ შორის რაიმე კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.

დაკავების შემდეგ ვანო ზანდარაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 27 დეკემბერს, თელავის რაიონულმა სასამართლომ ვანო ზანდარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]