weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა სასამართლომ არ შეაჩერა

20:08 სამშაბათი, 06 აპრილი 2021

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი (დამატებით 3 სართული მიწის ქვეშ) სასტუმროს, „ამბასადორი ბათუმის“ მშენებლობა არ შეაჩერა. მოსარჩელეები - არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „საზოგადოება ბათომი“ განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, სასამართლომ ვერ შეძლო საჯარო ინტერესის დაცვის სადარაჯოზე დადგომა და აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებური გადაწყვეტილებების რეალური შეკავება და კონტროლი.

მოსარჩელე მხარის შეფასებით, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას ვერ ასაბუთებს.

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა, რომ მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებაზე უარის თქმით შეუქცევადი ზიანი ადგება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომლის მნიშვნელობა და ღირებულება ქალაქისთვის შეუფასებელია. სასამართლო განჩინებაში საერთოდ არ არის მოცემული არგუმენტები და დასაბუთება, თუ რატომ იქნა მიჩნეული, რომ არ არსებობს სადავო აქტების შეჩერების საფუძველი. განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ სრულიად გაუგებარი ხდება, რატომ არ იზიარებს სასამართლო მოსარჩელეთა პოზიციასა და წარდგენილ მტკიცებულებებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯერ კიდევ არ დაწყებულა სარჩელის არსებითი განხილვა, რომლითაც სამშენებლო ნებართვის ბათილად ცნობაა მოთხოვნილი. ამ პირობებში ჩვენ მოვუწოდებთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს საქმის არსებითი განხილვა დროულად, გაჭიანურების გარეშე უზრუნველყოს და სასამართლოს კონტროლი მშენებლობის პროცესის მიმართ რეალური და ეფექტიანი გახადოს“, – აღნიშნავს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

შპს „ამბასადორი ბათუმმა“ სასტუმროს მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და მაშინ 4 სართულიანი შენობის აშენების ნებართვა ჰქონდა. 2019 წლის ბოლოს კომპანიამ შენობის გაზრდა მოითხოვა 15 სართულამდე. ადგილობრივი მცხოვრებლების პროტესტის გამო, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო პროექტის შეცვლას არ დასთანხმდა. 2021 წლის 21 იანვარს, სააგენტოსთან არსებულმა საბჭომ შენობის 16 სართულამდე გაზრდას მხარი დაუჭირა. „ამბასადორი ბათუმის“ ტერიტორიაზე უკვე მე-9 სართულის მშენებლობა მიმდინარეობს.

30 მარტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ძველი ბულვარის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საზღვრებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე ახალი მშენებლობების დაწყებაზე გამოცხადდება სრული მორატორიუმი ბულვარის განაშენიანების და კონსერვაციის გეგმის დამტკიცებამდე. რიჟვაძემ დამატებით განმარტა, რომ აღნიშნული მორატორიუმი „ამბასადორი ბათუმის“ მიმდინარე მშენებლობას არ შეეხება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]