weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კარანტინით ხელისუფლებამ დამატებითი ბარიერები შეუქმნა გალელებს – ლომჯარია

17:22 ხუთშაბათი, 08 აპრილი 2021

„ხელისუფლება უფრო მეტი გულისყურით უნდა მოეკიდოს გალში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას“, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ოკუპირებულ ტერიტრორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვაზე.

ნინო ლომჯარიას თქმით, უკვე ერთი წელია, გალში მცხოვრები მოქალაქეები სრულ იზოლაციაში არიან.

„მთავარი პრობლემა არის ის, რომ გადასასვლელი პუნქტები უკვე ძალიან დიდი ხანია დაკეტილია. ეს არ ეხებოდა მხოლოდ პანდემიას. პანდემიამდეც იყო ეს პრობლემები, თუმცა, პანდემიის დროს, უკვე ერთი წელია, გალში მცხოვრები მოსახლეობა სრულ იზოლაციაშია. თებერვალში გადასასვლელი პუნქტები ნაწილობრივ გაიხსნა მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ადმიანებისთვის და ეს არ არის საკმარისი, რადგან როდესაც არ იყო შეზღუდვები, 1000-1500 ადამიანი კვეთდა დღის განმავლობაში ამ გადასასვლელ პუნქტს და დღეს 20-30 ადამიანი კვეთს. ეს მარტივი ციფრებიც აჩვენებს, თუ რამხელა არის საჭიროება ადამიანების და რეალურად, რამდენად შეზრუდული აქვთ მათ გადაადგილება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ეკისრება.

„თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ, ვფიქრობ, ჩვენს მოქალაქეებს დამატებითი ბარიერები შეუქმნა 5-დღიანი კარანტის დაწესებით. ბევრი მათგანისთვის ეს არის ბარიერი იმიტომ, რომ ისინიც კი, ვისაც აქვთ უფლება გადმოვიდნენ ჩვენს ტერიტორიაზე, თავს იკავებენ ან ცდილობენ, გვერდის ავლით გადმოვიდნენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა. შეგახსენებთ, რომ შარშან ორი უბედური შემთხვევა იყო. ამის გათვალისწინებით ხელისუფლება უფრო მეტი გულისყურით უნდა მოეკიდოს გალში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ორი დღის წინ გალის რაიონში მცხოვრები ოთხი ადამიანი დაიღუპა ე.წ. გამშვები პუნქტის გვერდის ავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის მცდელობის დროს. ორი ქალისა და ორი მამაკაცის ცხედრები მდინარე ენგურში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების - შამგონასა და ორსანტიას ტერიტორიაზე იპოვეს. დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლის განცხადებით, გალის მცხოვრებლებმა - 62 წლის თ.ბ-მ, 30 წლის თ.ც.-მ, 47 წლის ე.გ.-მ და მ.გ.-მ 6 აპრილს, დაახლოებით, დილის 5 საათზე გალის ე.წ. გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, სოფელ თაგილონთან „საზღვრის“ გადაკვეთა გადაწყვიტეს. მათ ავტომობილი მდინარის ნაპირზე დატოვეს და წყალში შევიდნენ, თუმცა დინებას ვერ გაუმკლავდნენ და დაიღუპნენ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის უფროსმა, რუსტამ ლატიპოვმა განაცხადა, რომ გალის რაიონის მცხოვრებლებს ე.წ. საზღვარზე ატარებენ ხოლმე, თუმცა მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კარანტინის გავლა უწევთ. რუსტამ ლატიპოვი მდინარის გავლით მალულად გადასვლას 5-დღიანი კარანტინისთვის თავის არიდებას უკავშირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]