weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩავკეტავთ ავტობანსაც, თუ არადა, აუღებელ აქციებს დავიწყებთ თბილისში – გოლეთიანი

21:33 ოთხშაბათი, 14 აპრილი 2021

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა სამოქმედო გეგმის შესახებ გააკეთა განცხადება.

გოლეთიანის თქმით, მოკლევადიანი გეგმა გულისხმობს იმას, რომ აქციის მონაწილეები ღამეს ქალაქის ცენტრში გაათვენ, დილის 8 საათზე კი სოფელ გუმათის მიმართულებით წავლენ, სადაც პოლიციას რკინის კედელი აქვს გაკეთებული და ნამოხვანისკენ გზას კეტავს.

რაც შეეხება გრძელვადიან გეგმებს, ვარლამ გოლეთიანის თქმით, თუ ხელისუფლება აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს არ შეასრულებს, პროტესტი მთელ ქვეყანას მოიცავს.

„თუ ხელისუფლება დღევანდელ, ამ აბსოლუტურად დაუორგანიზებელ შეხვედრას კიდევ არ გაითვალისწინებს, არ ექნება ჩვენი მისამართით ადეკვატური ნაბიჯების გადმოდგმის სურვილი, როგორც ვთქვით, მთელი საქართველოს მასშტაბით დავაორგანიზებთ ქვეყნის პიკეტირებას, ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში. ჩვენ დავკეტავთ, მათ შორის, ავტობანსაც. ყველგან ერთნაირად იქნება ეს პროტესტი.

ისინი იძულებულნი გახდებიან, მოუწევთ შეასრულონ ყველა ჩვენი სამართლიანი და არგუმენტირებული მოთხოვნა, მაგრამ თუ მთელი ქვეყნის პიკეტირებაც არ გახდება მათთვის საკმარისი, ჩვენ ყველა ერთად, ყველა მხრიდან დავიძვრებით დედაქალაქისკენ და აუღებელ აქციებს დავიწყებთ“, – განაცხადა გოლეთიანმა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები თითქმის ექვსი თვეა, უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ნამახვანჰესის პროექტს და ითხოვენ, რომ ხეობა ინესტორმა კომპანიამ „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს. მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, 3 აპრილს, პოლიციის დახმარებით, კომპანიამ ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა.

რიონის ხეობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ასობით თანამშრომელია მობილიზებული. 11 აპრილს მათ ხეობიდან გამოაძევეს პროტესტის მონაწილეები, აიღეს მათი კარვები, პროტესტის ადგილი კი გადათხარეს ისე, რომ იქ კარვის გაშლა შეუძლებელია. მას შემდეგ მოქალაქეებიხეობის შესასვლელში, სოფელ გუმათში მოწყობილ პოლიციის ბლოკპოსტთან დგანან და უშედეგოდ ითხოვენ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას. დღეს პოლიციამ მათ წინ რკინის კედელიც აღმართა.

რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს დღეს პირველად გამოეხმაურა საპატრიარქო, შეშფოთება გამოთქვა იმ დაძაბულობის გამო, რაც „უკანასკნელ დღეებში მიმდინარე პროცესებს ახლავს“ და ყველა მხარეს დიალოგისკენ მოუწოდა. საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებს დიალოგს სთავაზობს ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]