weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოიხსნა ის აპრიორი მტკიცება, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება – მუსელიანი

10:35 პარასკევი, 16 აპრილი 2021
ფოტო © Giorgi Liparteliani ფოტო © Giorgi Liparteliani

„დღეს გვქონდა პირველი პრეცედენტი იმისა, რომ დაიშვა შესაძლებლობა და მოიხსნა ის აპრიორი მტკიცება, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება. მე ასეთი რამ პირველად გავიგონე. რამდენჯერმე გაიმეორეს, თორემ ერთი ნათქვამით შეიძლება არ დამეჯერებინა, რომ თუ ეს შეეწინააღმდეგება საერთო ინტერესს, სახალხო ინტერესს და ხალხის ნების საწინააღმდეგო იქნება, ეს პროექტი არ განხორციელდება“, – განაცხადა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მარიტა მუსელიანმა ქუთაისში, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

მარტია მუსელიანის თქმით, შეხვედრაზე მათი პრინციპული პოზიცია იყო, რომ ნამოხვანში, სადაც 3 აპრილიდან, პოლიციის დაცვით, ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, ყველა ტრაქტორი გაჩერდეს.

„პირდაპირ მზაობა ბარიერების მოხსნაზე, კარვებით პროტესტის დაბრუნებაზე და სამუშაოების შეწყვეტაზე, იმ ხალხს არ ჰქონია. თქვეს, რომ ამისთვის მოსაფიქრებელი დრო სჭირდებათ. ამასთან დაკავშირებით მათ შორისაც იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ პრემიერის რწმუნებულმა გარკვევით გააკეთა განცხადება, რომ დაფიქრდებიან ამასთან დაკავშირებით. მაგალითად იყო საუბარი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით - რომ ჩაითვალოს ის ინფრასტრუქტურის ნაწილიად. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ეს არის მოსამზადებელი სამუშაო და ამაზე ორი აზრი არ არის. რწმუნებულმა თქვა, რომ ამ საკითხის შესახებ არ იცოდა და დაზუსტება სჭირდება. საერთოდ, ის ალბათ ახლა ჩაერთო ამ პროცესში და სჭირდებოდა გარკვეული დაზუსტებები.

ჩვენი პრინციპული მოსაზრება იყო, რომ ყველა ტრაქტორი გაჩერდეს, რაც იქ არის – ეს დაკავშირებულია გზასთან, ხიდთან თუ რაღაცასთან, რასაც აქამდე მოსამზადებელი სამუშაოები ერქვა. ვერ მოხდება ახალი გზის გაჭრა. ისე ვერ გავიაზრებთ, რომ ეს არის სხვა პროექტი ან გზის რეაბილიტაცია. ეს არის ამ პროექტის ნაწილი.

მე მესმის მათი მდგომარეობა, ძალიან რთული იქნება მათი საუბარი კომპანიასთან, რომელსაც ხელახლა უნდა შეაჩერებინონ პროცესი. რასაკვირველია, დრო დასჭირდებათ, მაგრამ მზაობა გამოთქვეს, რომ ამაზე დაფიქრდებიან. ამდენი ხანი ამასაც არ განიხილავენ“, – განაცხადა მარიტა მუსელიანმა.

მისივე თქმით, მთავრობის წარმომადგენლებმა სოფელ გუმათში რკინის კედლის არსებობის საჭიროება უსაფრთხოების საკითხებით დაასაბუთეს.

„მათი ინფორმაციით, იქ ჩვენი პროტესტი იწვევს გარკვეული ჯგუფების მობილიზებას ხეობაში და პროვოკაციის მცდელობებს. დასახელდა მოსახლეობის სხვადასხვა ნაწილს შორის დაპირისპირებები და ა.შ. ჩვენი არგუმენტი, პირიქით, სხვა არის, რადგან რაც ეს პოლიციური მეთოდები გაძლიერდა იქ, დამძიმდა მოსახლეობას შორის ურთიერთობა. ვნახეთ, დღეს რამხელა დაპირისპირების საშიშროება შეიქმნა. როდესაც დაიძაბა ხეობაში ასე სურათი, მაშინ გადაწყვიტა სხვადასხვა ხასიათის ჯგუფმა მოსვლა და მართლა იყო პრობლემა იმის, რომ კონფლიქტის ესკალაცია მომხდარიყო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რკინის ჯებირები და პოლიციური მეთოდები ამას ამძაფრებს, ესენი კი მიიჩნევენ, რომ, პირიქით, დამცავი საშუალებაა. არ ვიცი, რამდენად მოვახერხეთ მათი დარწმუნება. რასაკვირველია, თუ შეჩერდება სამუშაო პროცესი, მაშინ პოლიციის იქ ყოფნა არაფერ შუაში არ იქნება. დავფიქრდებითო და დავაცადოთ“, – აღნიშნა მუსელიანმა.

15 აპრილს, დღის ბოლოს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ჩავიდა და პროტესტის მონაწილეებს შეხვედრა შესთავაზა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მათ შორის, სოზარ სუბარიც იყო.

ერთი დღით ადრე, 14 აპრილს, მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიაქრომ, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა რიონის ხეობაში არსებული დაძაბულობის გამო. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]