ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში მამაკაცმა, რომლის თქმითაც, ბანკთან ახლოს იყო, განაცხადა, რომ ბანკიდან ასაკოვანი ქალი გამოვიდა და თავდასხმის შესახებ უთხრა.
„აქ ვდგავარ ხოლმე, „ბირჟაზე“. ერთი ბიჭია იარაღით შეჭრილი. იქიდან ქალი გამოვიდა, რომელიც შიგნით იყო, როდესაც ბანდიტი შეიჭრა. იარაღი შუბლზე დამადოო. სამი თანამშრომელი ჰყავს აყვანილი და ერთი დაცვა“, – ამბობს მამაკაცი.
მომხდარის გამო გაჩერებულია ავლაბრის მეტროსადგურის მუშაობა.
ბოლო თვეებში ბანკებზე თავდასხმის რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა მოხდა. 2021 წლის 29 იანვარს ქუთაისში, „ლიბერთი ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და იარაღის მუქარით მოლარე-ოპერატორებს ფული მოსთხოვა, თუმცა თანხის წაღება ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
2020 წლის 27 ნოემბერს, დილის საათებში დიღმის მასივში „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალი დააყაჩაღეს. 20 ნოემბერს, თბილისში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში თავმდამსხმელი შეიჭრა, რომელიც წამლების ფასის შემცირებას, პენსიების მომატებას და საბანკო პროცენტების დაწევა ითხოვდა. პოლიციამ 31 წლის მამაკაცი დააკავა.
21 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული, სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა, რომელმაც 500 ათასი დოლარი გამოსასყიდის სახით მიიღო და მიიმალა, ამ დრომდე არ არის დაკავებული.
25 ივნისს შეიარაღებული პირი ფონიჭალაში მდებარე „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრს ყაჩაღურად თავს დაესხა და იარაღის მუქარით 18 168 ლარი გაიტაცა. პოლიციამ ბრალდებული დააკავა.