weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2021

ესებუას დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად დავაკავებთ – შს მინისტრი

17:21 პარასკევი, 05 მარტი 2021 hits 172

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებული ბადრი ესებუას დასაკავებლად მაქსიმალურად მუშაობენ და დღეს თუ არა, ხვალ დააკავებენ.

ბადრი ესებუასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს გომელაურმა პარლამენტში უპასუხა.

„მესმის რომ დასაკავებელია. დაკავებას როგორ არ ვეცადეთ – „წადი აბა, მშვიდობაში მოიხმარე“ – ასე ხომ არ გავუშვებდით. მოხდა თემა, რომ ჩვენმა თანამშრომელმა გარისკა სიცოცხლე, ჩაჯდა მანქანაში, მასთან ერთად კიდევ სამი მოქალაქე იჯდა. შეგვეძლო ჩაგვეტარებინა ოპერაცია, მაგრამ მათი სიცოცხლის გაწირვა ძალიან სახიფათო იყო, გახსნილი ხელყუმბარით იჯდა მანქანაში. 

მისი დაკავება დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოხდება. მაგალითად, 3 კვირის წინ დავაკავეთ 12 წლის წინ ჩადენილ მძიმე მკვლელობის დანაშაულზე ძებნილი, 12 წელი იყო ძებნაში. მოხდა შემთხვევა და დავაკავეთ. მუშაობდნენ ჩვენი თანამშრომლები.

არ მიყვარს ტრაბახი და რომ ვიძახი სიტყვას, იმ სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ. ხვალ დავაკავებთ, ზეგ დავაკავებთ, ერთ საათში დავაკავებთ… არ ვიძახით ამას და არასდროს არ მითქვამს, რომ ესებუას ერთ თვეში დავაკავებთ. არ ვიცი, როდის დავაკავებთ. ვმუშაობთ მაქსიმალურად და ოპერატიულად. რა დონეზე ვართ, ახლოს ვართ თუ შორს – მგონი, სწორი არ იქნება, რომ ბატონ ესებუას მივაწოდო ინფორმაცია. მერწმუნეთ, რომ ყველაზე მეტად მე მინდა და ჩვენ – შინაგან საქმეთა სამინისტროს გვინდა, რომ ეს ადამიანი იყოს ძალიან სწრაფად და მალე დაკავებული და დასჯილი უმკაცრესად“, – განაცხადა გომელაურმა.

2020 წლის 21 ოქტომბერს, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული, სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 14:21 საათზე მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თავდამსხმელმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებისთვის გარანტიები მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. მოლაპარაკებები დაახლოებით შვიდი საათი გაგრძელდა. გვიან ღამით მას გამოსასყიდი თანხა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ მიუტანა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა მასთან და 3 მძევალთან ერთად დატოვა.

შსს-მ 22 ოქტომბერს, ღამის პირველ საათზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებული იქნა. დილის ხუთ საათზე კი უწყებამ განაცხადა, რომ გათავისუფლებულები იყვნენ ავთანდილ გალდავა და სამი მძევალი. თავად თავდამსხმელი გაიქცა და დღემდე არ არის დაკავებული.

23 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ გამოსასყიდი თანხა – 500 000 დოლარი სახელმწიფო ბიუჯეტის არ იყო და „საქართველოს ბანკმა“ გადაიხადა.

26 ოქტომბერს შსს-მ დაადასტურა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი 32 წლის ბადრი ესებუაა. უწყებამ საქმე ტერორიზმის მუხლებით გადააკვალიფიცირა და ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 329-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]