weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ქუთაისში აქცია გაიმართა და გუმათში დაკავებული 6 პირის გათავისუფლება მოითხოვეს

18:40 პარასკევი, 16 აპრილი 2021
ფოტოზე - ირაკლი ჭელიძე და ფირუზ წულუკიძე ფოტოზე - ირაკლი ჭელიძე და ფირუზ წულუკიძე

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტითან ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციაზე მომხდარი დაპირისპირების გამო 6 პირის დაკავება გააპროტესტეს და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. ფირუზ და რეზო წულუკიძეების, თამაზ, თორნიკე, ირაკლი და გელა ჭელიძეების ოჯახის წევრებისა და ადვოკატების განცხადებით, დაკავებულები უდანაშაულოები არიან და პოლიციის მონაწილეობით მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლი გახდნენ.

ადვოკატების თქმით, ბრალდებულები არ აღიარებენ წარდგენილ ბრალდებას, რაც ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ადვოკატ ირაკლი შავაძის თქმით, გუმათში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 126-ე მუხლებით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას და ძალადობას გულისხმობს, თუმცა მოგვიანებით საქმე გადაკვალიფიცირდა და წულუკიძეებსა და ჭელიძეებს უფრო მძიმე დანაშაულისთვის წარუდგინეს ბრალი.

„როგორც ჩანს, მიღებული იყო დაკვეთა, შეცვალეს მუხლი და 225-ე მუხლის მეორე ნაწილი წაუყენეს ექვსივე მათგანს. სახეზეა, რომ ამ ადამიანებს მოუწყეს პროვოკაცია. ერთ-ერთი ე.წ. დაზარალებული, რომელიც გახლავს ახვლედიანი ავთანდილი, არის საჯარო მოხელესთან გათანაბრებული პირი და არის ერთ-ერთი სპორტული ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.

ფაქტობრივად, მათი გამოკითხვის ოქმებიდანვე ჩანს, რომ თავდაპირველად მათ სურდათ ინციდენტის მოწყობა, აქციის მონაწილეებმა ისინი განარიდეს და უთხრეს ბათუმიდან ჩამსულ აქტივისტებს, რომლებიც შეუერთდნენ ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციას, რომ პროვოკატორებს არ აყოლოდნენ.

ამის შემდგომ მოხდა ისე, რომ საქმეში, როგორც ბრალდებულების ჩვენებებით დასტურდება, ჩართული იყო არა მხოლოდ ავთანდილ ახვლედიანი და მისი თანხმლები პირები, რომელთაც მე თავს უფლებას ვერ მივცემ, რომ სპორტსმენები ვუწოდო, ჩართულნი იყვნენ ძალოვნებიც“, – ამბობს ირაკლი შავაძე,

ნათელა წულუკიძე შვილების დაკავებას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობისადმი“ მათ მხარდაჭერას უკავშირებს. საპროტესტო აქციაზე ამ პარტიის წევრებიც იმყოფებოდნენ.

დაპირისპირება 12 მარტს მოხდა. დაკავებულები მეგობრებთან ერთად, აჭარიდან გუმათში რიონის ხეობის მცველების მხარდასაჭერად იყვნენ ჩასულები. ავთნდილ ახვლედიანი მედიასთან აცხადებდა, რომ მათ აქციის დატოვება მოსთხოვა, ვინაიდან დაკავშირებულები იყვნენ პოლიტიკურ პარტიასთან და აქციაზე მათი ყოფნა ხალხს აღიზიანებდა. ახვლედიანი ამბობს, რომ ამის შემდეგ მათ, სამ კაცს ოცდაათი ადამიანი დაესხა თავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.

სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]