weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პირობების შესრულების ვადა ამოიწურა, ვითხოვთ კონკრეტულ პასუხებს – გოლეთიანი

10:31 ოთხშაბათი, 21 აპრილი 2021

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის ორგანიზატორები დღეიდან აქტიურ ქმედებაზე გადავლენ - დაუკავშირდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს და 15 აპრილის შეხვედრაზე მათ მიერ დაყენებულ პირობებთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხებს მოითხოვენ.

„ხელისუფლება, რა თქმა უნდა, დროს წელავს და ამისთვის არის ორიენტირებული, მაგრამ თუ გადასცდება ფიქრის გონივრულ ვადას, ჩვენგან შესაბამისი მოქმედება იქნება. 

წარმოუდგენელია, რომ აქ ეს პროცესი წლობით, თვეობით, ან კვირების განმავლობაში გაგრძელდეს.

კიდევ ერთხელ ვამბობ, არ უნდა გახდეს დამატებით სპეკულაციის საგანი ფეისბუქ-სივრცეში ის, რომ აი, ჩვენ აქ გვძინავს, ტყუილად ვართ და არაფერს ვაკეთებთ. დამეთანხმებით, იმ ხალხს, ვინც აქ დგას, თავისი ჯანმრთელობის ხარჯზე ყველაფერი აქვს გაღებული იმისთვის, რომ ეს პროცესი მშვიდობიანად მივიდეს ბოლომდე და ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დაგვირგვინდეს. ამას სჭირდება პირველ რიგში მოთმინება, მშვიდობიანი მიდგომა პროცესებისადმი. მე მესმის, რომ ამდენ უსამართლობას ნაყურები თითოეული ჩვენგანი ვეღარ ვიტევთ ამ ემოციებს, მაგრამ სწორედ ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე და ამით უნდა გადავტეხოთ მორალურად ჩვენი მოწინააღმდეგე“, – აღნიშნა გოლეთიანმა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ მოცემულ მომენტში რიონის ხეობაში სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა უახლოეს დღეებში ის აუცილებლად შეჩერდება.

„ჩვენ გადავალთ მოქმედებაზე. უბრალოდ, ვუცდიდით იმ პირობების ვადის გასვლას, რომელიც უნდა შეესრულებინა ხელისუფლებას. დღეს არის მეხუთე დღე, ეს ვადა პრაქტიკულად უკვე ამოიწურა. ჩვენ თვითონვე ხაზზე ვართ იმ წარმომადგენლებთან, რომლებსაც შევხვდით მერიაში. ამიტომ დავუკავშირდებით მათ, მოვთხოვთ კონკრეტულ პასუხებს, კონკრეტულ ნაბიჯებს.

შევეხმიანებით და ვეტყვით, რომ თუ ისინი უკვე არ გაგვცემენ კონკრეტულ პასუხს, გადავალთ ჩვენს სამოქმედო გეგმაზე, რაც გულისხმობს მთლიანად პიკეტირებას სხვადასხვა ქალაქისა და მაგისტრალების, შემდეგ უკვე ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებას დედაქალაქში.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ის პირობები, რაც ახლა გვაქვს დაყენებული და უახლოესი დღეების განმავლობაში უნდა შესრულებულიყო, წესით თუ ადეკვატურობა ჰყოფნის ხელისუფლებას და აქვს ფაქტების საღად აღქმის უნარი, ვფიქრობ, რომ მათ ეს პირობები უნდა დააკმაყოფილონ, რომ შემდეგ დიალოგის შესაძლებლობა გაჩნდეს ჩვენსა და ხელისუფლებას შორის“, – განაცხადა გოლეთიანმა.

რიონის ხეობის მცველებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 15 აპრილს, ქუთაისის მერიაში გაიმართა. შეხვედრას მთავრობის კანცელარიის და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, ასევე გუბერნატორები ესწრებოდნენ. პროტესტის ორგანიზატორებმა ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყებისთვის სამი პირობა დააყენეს: რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანა და გუმათში აღმართული რკინის კედლის აღება; ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების სრულად შეწყვეტა; აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემა.

როგორც პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა ლერი ბარნაბიშვილმა თქვა, შეხვედრის დროს დაყენებულ საკითხებს ცენტრალურ ხელისუფლებას მიაწვდიდა და აქტივისტებს პასუხებით რამდენიმე დღეში დაუბრუნდებოდა. მისივე თქმით, პოლაპარაკებების პროცესში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ჩაერთვებოდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდებოდა. გუშინ, 20 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ ღარიბაშვილი გამოჯანმრთელდა, თვითიზოლაციიდან გამოვიდა და სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]