weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მიტროპოლიტი სტეფანე სალხინოს მონასტრის ტაძარში არ შეუშვეს

14:05 ოთხშაბათი, 21 აპრილი 2021

სალხინოს მამათა მონასტერში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ჭყონდიდის ეპარქრიის მმართველი, მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) და მისი თანმხლები სასულიერო პირები არ შეუშვეს. მათ კარი მონასტრის წინამძღვარმა, ბერებმა და მრევლის ნაწილმა ჩაუკეტეს.

მონასტრის წინამძღვრის, მამა დანიელის თქმით, მეუფე სტეფანე უკანონო მმართველია და წირვის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ მანამ, ვიდრე შეკითხვებს პასუხს არ გასცემს.

„მიგვაჩნია, რომ ის არის უღირსი მღვდელმთავარი. მან პასუხი უნდა გასცეს სამ რაღაცაზე - რატომ ამიკრძალა ტრაპეზთან მიახლოვება, მეუფე პეტრეს ცილი დასწამა და უნდა დაამტკიცოს, ამაზე პასუხი გასაცემი ექნება სანამ მიწაში ჩავა და მესამე - მან ჩემი აღსარება გასცა“, – განაცხადა მამა დანიელმა.

სიტყვიერი დაპირისპირების დროს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მამა დანიელს უთხრა, რომ წინამძღვრობიდან გადაყენებულია.

4 აპრილს მიტროპოლიტმა სტეფანემ „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისათვის და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელისათვის“ სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი) და ჩამოართვა არქიმანდრიტის წოდება. ამავე „დანაშაულებებისათვის“ მღვდელმსახურება აეკრძალა 4 სასულიერო პირს – იღუმენ დანიელს (გვილავა), მღვდელ მირიან მესხაძეს, მღვდელ-მონაზონ ლუკას (იბრაგიმოვი), დიაკონ ანანია კალანდიას. მიტროპოლიტის ეს ბრძანება საპატრიარქოში გაასაჩივრეს. უფრო ადრე, მეუფე სტეფანემ მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევების გამო, მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხა მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე).

მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს შეფასებით, ჭყონდიდის ეპარქიაში გარკვეული სასულიერო პირები დექსტრუქციულ ქმედებებს ახორციელებენ, უგულებელყოფენ და არ ასრულებენ მმართველი მიტროპოლიტის გადაწყვეტილებებს, რაც საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევაა და ამბოხია ეკლესიისა და მისი ერთობის წინააღმდეგ.

„იმ სასულიერო პირებს, ვინც მეუფე სტეფანესგან მიიღო სხვადასხვა ეპიტიმია, დაემორჩილონ და შეასრულონ მღვდელმთავრის მითითებსა და გადაწყვეტილებებს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მათ სააპელაციო წერილი აქვთ გაგზავნილი საპატრიარქოში. აღნიშნულ წერილს წმინდა სინოდი განიხილავს და სწორედ ამ აპელაციის შედეგს უნდა დაელოდონ სასულიერო პირები. მღვდელმთავართა თქმით, აპელაციის შედეგის დადგომამდე ისინი ვალდებულნი არიან, დაემორჩილონ მღვდელმთავრის გადაწყვეტილებებსა და კურთხევებს,“ – აცხადებს საპატრიარქო.

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად თებერვალში დაინიშნა. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, მან შეითავსა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველობაც.

წლების განმავლობაში ჭყონდიდის ეპარქიას პეტრე ცაავა ხელმძღვანელობდა. 2019 წლის 31 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც პეტრე ცაავამ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მამათმავლობაში დაადანაშაულა, წმინდა სინოდმა ის მღვდელმთავრობიდან გადააყენა, თუმცა, სასულიერო ხარისხიდან არ განკვეთა.

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირების და მრევლის ნაწილი მიიჩნევს, რომ მეუფე სტეფანე ეპარქიის უკანონო მმართველია. ისინი ითხოვენ, რომ მან ჭყონდიდი ეპარქია დატოვოს, საპატრიარქომ პეტრე ცაავას მიერ წაყენებული ბრალდება გამოიძიოს და მიტროპოლიტად კვლავ ის დააბრუნოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]