weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოფლის ყოფილ გამგებელს, კაცი რომ გაიტაცა და საფლავი გაათხრევინა, 9 წელი მიესაჯა

14:21 ხუთშაბათი, 22 აპრილი 2021

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში გამგებლის ყოფილ წარმომადგენელს, კუკური პლაჭიაშვილს, ასევე მის მეგობარ ირაკლი გოგალაძეს, რომლებსაც ბრალად ედებოდათ მოქალაქის ჯგუფურად გატაცება და წამება, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2020 წლის 22 აგვისტოს, კუკური პლაჭიაშვილმა და ირაკლი გოგალაძემ სოფელ ხიზაბავრაში, მანუჩარ მურადაშვილს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ცემეს და აიძულებდნენ, ეღიარებინა, რომ კუკური პლაჭიაშვილის სახლიდან ფული მან მოიპარა.

ცემის დროს მურადაშვილს ყური მოახიეს და კბილი მოტეხეს. გამგებლის ყოფილმა წარმომადგენელმა და მისმა მეგობარმა, მურადაშვილი სასაფლაოზე მიიყვანეს, ტანსაცმელი გახადეს და საკუთარი თავის დამარხვის მიზნით, საფლავი გაათხრევინეს.

„თან მირტყამდნენ და მეუბნებოდნენ, აღიარე რომ ფული მოიპარეო. მობილური ამოიღეს და გადაღება დაიწყეს. მითხრეს, ჩვენ რასაც გეტყვით, ის თქვი, შენ ხმა არ ამოიღოო. მე შემეშინდა და ვუპასუხე, მოვიპარე. მეშინოდა, რომ მომკლავდნენ. როცა მკითხეს, ფული სად არისო, ვუთხარი 20 ლარი დავხარჯე და დანარჩენი კი გახეული ჯიბიდან დავკარგე-მეთქი. მითხრეს, რამდენი იყოო ის ფული. არ ვიცოდი, რა მეპასუხა. მითხრეს, თუ არ გახსოვს, მაშინ ხვალ 590 ლარი მომიტანეო და გამომიშვეს“, - ამბობს მანუჩარ მურადაშვილი.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ფულის მიტანას დაპირდა, ნახევრადგათხრილი საფლავი მიწით ამოავსებინეს და სასაფლაოდან გაუშვეს.

პოლიციამ კუკური პლაჭიაშვილი და ირაკლი გოგალაძე სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 25 აგვისტოს დააკავა. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ჯგუფურად) და 144 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის, „ე“ ქვეპუნქტით (წამება ჩადენილი, ჯგუფურად) წარედგინათ. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ისინი დამნაშავებად ცნო.

კუკური პლაჭიაშვილი ხიზაბავრაში გამგებლის წარმომადგენლად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მუშაობდა. ის „ქართული ოცნების“ წევრი იყო.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]