weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დავანახებთ ხელისუფლებას, რომ ხალხს ანგარიში უნდა გაუწიოს – მირზა ნოზაძე

13:20 შაბათი, 24 აპრილი 2021
mtismabebi.ge-ის ფოტო mtismabebi.ge-ის ფოტო

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებლის, მირზა ნოზაძის თქმით, მთავრობა ისევ დგას ძველ პოზიციაზე, რომ ნამახვანჰესი ყველა ვარიანტში აშენდება. მისივე თქმით, არ დაკმაყოფილდა პროტესტის მონაწილეების მოთხოვნები და შესაბამისად, აქციები გაგრძელდება.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები 23 მაისს, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვისთვის ემზადებიან.

„ჩვენი გეგმები, როგორც ვაცხადებდით, არის უცვლელი. დღეს გვექნება აქციები სხვადასხვა ქალაქში, ეს დაორგანიზებულია. ჩვენი მომხრეები ელოდებიან ჩვენს განცხადებებს. აუცილებლად დავანახებთ ხელისუფლებას, რომ ანგარიში უნდა გაუწიოს ხალხს, აქციის მასშტაბს, აუცილებლად უნდა ისაუბრონ პროტესტის აქტორებთან და ისაუბრონ იმ კითხვებზე, რომლებიც გაგვაჩნია“, – განაცხადა მირზა ნოზაძემ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ცდილობს ვექტორის გადატანას სხვადასხვა მიმართულებით, რათა პროტესტის დეესკალაცია მოხდეს.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ კიდევ ერთი დამფუძნებელი მაკა სულაძე მიიჩნევს, რომ მათ მოთხოვნებზე ხელისუფლების დღევანდელი პასუხი მანიპულირების უფრო მეტ საშუალებას იძლევა და აქციის მონაწილეებისთვის ის მიუღებელია.

„აქციის დაწყების დღიდან ორგანიზატორებმა ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საზოგადოებას გასჩენოდა იმ ხელისუფლების ნდობა, რომელიც ამ სახელმწიფოს მართავს, მაგრამ, სამწუხაროდ,

დღევანდელი პასუხიც აჩენს უფრო დიდ ნაპრალს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ხელისუფლება არ უნდა ექცეოდეს ამ ქვეყნის მოქალაქეებს ასე და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერი იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას ხელისუფლებისგან. ეს პუნქტები, რომლებიც შემოგვთავაზეს პასუხად, მანიპულირების უფრო მეტ საშუალებას იძლევა და მისაღები არ არის ჩვენთვის“, – თქვა მაკა სულაძემ.

15 აპრილს, ქუთაისის მერიაში, პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელთან, ლერი ბარნაბიშვილთან, გუბერნატორებთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა სამი მოთხოვნა დააყენეს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამდნენ. ეს პირობები იყო: რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანა და გუმათში აღმართული რკინის კედლის აღება; ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების სრულად შეწყვეტა; აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემა.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც კიდევ ერთხელ არის ნათქვამი, რომ ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა 9-12 თვით შეჩერდება. სინამდვილეში, კაშხლის მშენებლობა ჯერ დაწყებული არ ყოფილა და არც შესაბამისი სავალდებულო ნებართვაა გაცემული. მთავრობის დღევანდელი განცხადებით, გაგრძელდება ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები. სინამდვილეში, ე.წ. მოსამზადებელი სამუშაოები მნიშვნელოვნად აზიანებს რიონის ხეობაში ბუნებას, იჩეხება ათასობით ძირი ხე, გადათხრილია მთები. მთავრობა და კომპანია აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ახალი სამანქანო გზის მშენებლობა, რომელიც, რეალურად, მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ არსებული გზა ნამახვანჰესისთვის დაიტბორება. 

დღევანდელი განცხადებით მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა, ნამახვანჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიხსნას პოლიციის დამატებით ბარიერები და შეამციროს ადგილზე სამართალდამცველთა რაოდენობა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტერიტორიაზე დარჩება იმდენი პოლიციელი, რამდენიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, ხოლო საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის დღევანდელი განცხადების თანახმად, პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის სამინისტროს დაავალა მთავრობასა და ინვესტორ კომპანია „ენკას რინიუებლზს“ შორის დადებული ხელშეკრულების შესწავლა. მთავრობა აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]