weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს

17:40 შაბათი, 24 აპრილი 2021

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათიდან ქუთაისში გადაინაცვლეს, სადაც ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს. როგორც მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ეს გამაფრთხილებელი პიკეტირებაა.

ცენტრალური გზის გადაკეტვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზა არ გაუხსნა და სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების შესაძლებლობა კიდევ არ მისცა.

„ეს არის ნათელი ილუსტრაცია იმის, თუ როგორ ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს. დილით ვნახეთ განცხადება, რომლის მიხედვითაც თითქოს გადაადგილების საშუალება გვექნებოდა, ჯებირები იქნებოდა აღებული. ვიცოდით, რომ ეს ასე არ მოხდებოდა, მაგრამ საზოგადოებისთვის რომ გვეჩვენებინა, გადაცვინაცვლეთ ჯებირებთან და მოვითხოვეთ პოლიციასთან გასაუბრება, რის საფუძველზე შეიძლებოდა არ გავეშვით. პასუხის გასაცემადაც კი არავინ გამოსულა. აბსოლუტურად არაადეკვატურ და აბსურდულ გარემოში გვიწევს აქ ყოფნა და პროტესტის გამოხატვა. ბუნებრივია, პოლიციასთან ხელჩართულ დაპირისპირებაში არ გადავიდოდით, დავიძარით ქუითაისისკენ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა და აღნიშნა, რომ გზა ერთი საათით ექნებათ გადაკეტილი.

მისივე თქმით, პროტესტის მონაწილეები ნაბიჯ-ნაბიჯ მივლენ 23 მაისის აქციამდე, რომელიც თბილისში გაიმართება.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და მათი მხარდამჭერები ნახევარი წელია უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებას. მათი მთავარი მოთხოვნებია მთავრობასა ინვესტორ კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის დადებული ხელშეკრულების გაწყვეტა, კომპანიისთვის გადაცემული მიწების სახელმწიფოსთვის დაბრუნება და ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებაზე უარის თქმა.

პოლიციამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია რამდენჯერმე დაშალა, აქტივისტებს პროტესტის ადგილის შეცვლა არაერთხელ აიძულეს, 11 აპრილს კი სოფელ ნამოხვანში კარვები დაუშალეს, აყარეს და მას შემდეგ, რიონის ხეობაში აღარ უშვებენ. საპოლიციო ძალებს ხეობის შესასვლელ-გასასვლელი ჩაკეტილი აქვთ.

თებერვალსა და მარტში გამართული მრავალათასიანი აქციების გამო ხელისუფლება იძულებული გახდა „რიონის ხეობის მცველებისთვის“ დიალოგი შეეთავაზებინა. 15 აპრილს, საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სამი მოთხოვნა დააყენეს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, მზად იყვნენ დიალოგი გაეგრძელებინათ. ეს მოთხოვნები იყო: რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანა და გუმათში აღმართული რკინის კედლის აღება; ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების სრულად შეწყვეტა; აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემა.

დღეს, 24 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ნამახვანჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები გაგრძელდება. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, ხეობაში დარჩება პოლიციელების შემცირებული რაოდენობა და აქციის მონაწილეებს მათთან კოორდინაციით კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა ექნებათ.

მთავრობის უარის შემდეგ, მოძრაობამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ საპროტესტო აქციების გაგრძელება დააანონსა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]