weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით მისმა ოჯახმა აქციები დაანონსა

13:02 ოთხშაბათი, 28 აპრილი 2021

ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს და საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს. ოჯახმა ეს გადაწყვეტილება გუშინ, ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო.

ირმა ბუთხუზის თქმით, ელოდებოდნენ, რომ შეხვედრის დასრულებულების შემდეგ, მისი მეუღლის გათავისუფლების კონკრეტული თარიღი დასახელდებოდა.

„ჩვენ, ოჯახი ახლა უკვე გადავდივართ მოქმედებაზე, ვერთვებით ზაზას გათავისუფლების პროცესში. ვაანონსებთ შეხვედრებს და აქციებს“, – განაცხადა ირმა ბუთხუზმა ჟურნალისტებთან.

ზაზა გახელაძის დედის, ნანა ბუნტურის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ოჯახს სხვა გზა არ დაუტოვა.

„ცხრათვენახევრის შემდეგ ისევ ისეთი დაპირებებია – ვმუშაობთ, მაგრამ მე შედეგს ვერ ვხედავ და არანაირ კონკრეტულ დროსა და ვადაზე ლაპარაკი არ ყოფილა, ისევ მუშაობენ. ჩვენ მოვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას, ან დავიწყებთ აქციებს, რაღაცას მოვიმოქმედებთ, ასე აღარ გავჩერდებით“, – ამბობს ნანა ბუნტური.

გუშინ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 99-ე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალქეების ოჯახებში დაბრუნება იყო.

„თქვენ კარგად მოგეხსენებათ ის უპრეცედენტო ჩართულობა, რომელიც გამოიჩინეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, როგორც ზაზა გახელაძის, ისე უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი ყველა თანამოქალაქის საკითხთან დაკავშირებით. დიალოგი შედგა, იყო ძალიან საინტერესო, ამ კუთხით მუშაობა გრძელდება და რაც მთავარია, დიალოგის გაგრძელებაზე თანხმობაა. ბუნებრივია ჩვენ შევხვდებით ოჯახის წევრებსაც და გავუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს“, – თქვა ჟურნალისტებთან ირაკლი ანთაძემ.

ერგნეთის შეხვედრაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციას ეგორ კოჩიევი ხელმძღვანელობდა. მისი განცხადებით, მწვავე ჰუმანიტარული საკითხები წნელისში ქართული საგუშაგოს აღების შემდეგ გადაწყდება.

ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა კასპის რაიონში, ე.წ. სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2020 წლის 11 ივლისს ფეხში დაჭერეს და უკანონოდ დააკავეს. 2021 წლის 5 თებერვალს დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ, მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 322-ე მუხლებით, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელის სიცოცხლის ხელყოფასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი, მე-100 შეხვედრა, სადაც შესაძლოა კიდევ განიხილონ ზაზა გახელაძისა და სხვა უკანონო პატიმრების გათავისუფლება, ივნისის შუა რიცხვებამდე არ გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]