weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საჩივარს არ ვეთანხმებით, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გავასაჩივრებთ – ენკა

15:39 ოთხშაბათი, 28 აპრილი 2021
ფოტოზე - ენკას დირექტორი მერაბ ლომინაძე ფოტოზე - ენკას დირექტორი მერაბ ლომინაძე

ნამახვანჰესის მშენებელი თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ არ გაასაჩივრებს წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლითაც დადასტურდა, რომ ის რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის სამუშაოებს კანონდარღვევით აწარმოებს. სასამართლომ „ენკა რინიუებლზი“ 5000 ლარით დააჯარიმა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი ნებართვებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებენ.

„კომპანია „ენკა რინიუებლზ“ ყველა თავის მოქმედებას ახორციელებს არსებული ნებართვების ფარგლებში, რაც დასტურდება შესაბამის უწყებებთან წარდგენილი საჭირო დოკუმენტაციით. კომპანიის ნებისმიერი აქტივობა მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ხორციელდება, როგორც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, ასევე შიდა მონიტორინგის სამსახურების მიერ, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების გათვალისწინებით.

სასამართლოში განხილული საკითხი უკავშირდება ნებართვით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების ვადების განსხვავებულ ინტერპრეტაციას, 2020 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით. დღეისთვის, ყველა კითხვაზე გაცემულია პასუხი და შესაბამისად, ვთვლით, რომ საკითხი ამოწურულია. მხარეთა შორის მსგავსი საკითხების გადაწყვეტა რეგულირდება არსებული ხელშეკრულების ფარგლებში.

აქედან გამომდინარე, გარემოსდაცვის სამინისტროს არერთგზის გავუგზავნეთ წერილობითი დასაბუთება და არგუმენტაცია. მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებით საჩივრის შინაარს, კომპანია არ აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში“, – განაცხადეს კომპანიაში.

„ენკა რინიუებლზის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 18 იანვარს შეადგინეს და რეაგირებისთვის სასამართლოს გადაუგზავნეს. ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 798 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შედგა, რაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობას გულისხმობს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნამახვანჰესის მშენებლობის ე.წ. მოსამზადებელი სამუშაოები გასული წლის 16 ოქტომბერს მას შემდეგ შეამოწმა, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ საჩივრით გარემოს დაცვის მინისტრს მიმართა. სამინისტრო „მწვანე ალტერნატივას“ 5 თვის განმავლობაში უმალავდა ინფორმაციას ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ. 2021 წლის 19 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციამ მესამედ მიმართა მინისტრს და შემოწმების მასალები მოითხოვა. ამჯერად სამინისტრომ ინსპექტირების დასკვნა გამოაჩინა, საიდანაც ირკვევა, რომ „ენკა რინიუებლზი“ სულ მცირე 15 პირობას არღვევს. მათი შესრულება მშენებლობის დაწყებამდე იყო სავალდებულო.

ადმინისტრაციულ საქმეზე განხილვა მარტში დაიწყო, თუმცა კომპანია არცერთ სხდომაზე არ გამოცხადდა და ნამოხვანში სამუშაოებს აგრძელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]