weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობაზე სანქციები დაამტკიცა

15:39 ხუთშაბათი, 29 აპრილი 2021

საქართველოს პარლამენტმა, 72 დეპუტატის მხარდაჭერით მესამე და ბოლო მოსმენით დაამტკიცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელის მიხედვითაც მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის. პარლამენტმა კანონპროექტი ავტორის, ანრი ოხანაშვილის მოთხოვნით, დაჩქარებული წესით განიხილა.

კანონპროექტის პირველი ვერსია დღეს, მეორე მოსმენის დროს დაკორექტირდა, კერძოდ, წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩაადენის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება ადმინისტრაციული პატიმრობა 5-დან 15 დღემდე (კანონპროექტის პირველ ვერსიაში 7-დან 15 დღემდე პატიმრობა იყო), ხოლო პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი განმეორებით დაუმორჩილებლობა დაისჯება 7-დან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით (და არა 10-დან 15 დღემდე). ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი ვარიანტი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხიმგებლობას ამ სამართალდარღვევათა განმეორებით ჩადენის შემთხვევაში.

მეორე მოსმენით კენჭისყრამდე ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, ვინც კანონპროექტი გააკრიტიკა, პარტია „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი იყო. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კანონში ცვლილებები შიშის გამო მიიღო.

„გეშინიათ ხალხის პროტესტის, რომელიც მხოლოდ მოიმატებს, არ მოიკლებს. ეს გაზრდილი სანქციები ვერ შეაშინებთ მოქალაქეებს. მეორე – გეშინიათ, რომ პოლიციელები ჩამოგეშლებიან, რადგან იმ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ უკანონო და უღირს ბრძანებებს აძლევთ და სამწუხაროდ ბევრი მათგანი ამას ასრულებს, მათ ჰყავთ ოჯახები და გააჩნიათ ღირსება. არავის არ უნდა თქვენ გამო ესროდნენ ტალახს, ეძახდნენ მონას და გეშინიათ, რომ ეს საპოლიციო სისტემა ჩამოგეშლებათ. აი, ამის გეშინიათ, ამიტომ გინდათ ამ კანონპროექტის მიღება. შიში გქვია ამას და არა საკანონმდებლო ცვლილებები.

ახლა ვისაუბროთ სამართლებრივად. კონსტიტუციაში გვიწერია, ვისაც ჯერ არ გინახავთ გირჩევთ, რომ 34-ე მუხლი წაიკითხოთ, ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც ის ემსახურება. რა ლეგიტიმური მიზანი გაქვთ? სტატისტიკის შემცირებას ცდილობთ? განმარტებით ბარათში მარტო ეს წერია, ბოლო წლებში მოიმატაო ამ სამართალდარღვევებმაო.

თქვენ რომ სამართალდარღვევას ეძახით, რეალურად ეს არის ადამიანების სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

წვრილმან ხულიგნობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი ითვალისწინებს. მოქმედი რედაქციის მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობა (საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს) გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, 166-ე მუხლს ემატება მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც, წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, სამართალდამრღვევი 1500-დან 2000 ლარამდე დაჯარიმდება ან 5-დან 15 დღემდე ვადით პატიმრობა შეეფარდება.

კოდექსის ამჟამად მოქმედი 173-ე მუხლის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) იწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1000 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენი პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან შეეფარდება ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში დაჯარიმდება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან შეეფარდება პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]