weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

დავით გარეჯის მონასტერში ივერი მელაშვილს გულთბილად არ შეხვდებოდნენ – ქადაგიშვილი

09:41 ოთხშაბათი, 05 მაისი 2021

ქართული ოცნების დეპუტატმა და კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, სასულიერო პირების მხრიდან ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის ჟურნალისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მელაშვილს იქ გულთბილად არ შეხვდებოდნენ.

ამასთან, ქადაგიშვილმა უარყო ბრალდება, რომ მომხდარი ხელისუფლებასთან არის კავშირში.

„ზოგადად, ის, რომ ძალადობა არ შეიძლება, ეხება ყველას და ნებისმიერ ადგილზე. ის, რომ ეს ხელისუფლების ორგანიზებულია, ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლებას არ სჭირდება.

ზოგადად, ისე, ივერი მელაშვილი რომ ჩაჰყავდათ იმ მონასტერში, სადაც ამ მონასტერმა მთელი მოღვაწეობის ნაწილი შეალია იმას, ემტკიცებინა, რომ ეს არ არის აზერბაიჯანის და არის საქართველოსი და ასე იყო ამა და ამ რუკების მიხედვით, რომელიც უნდა განხილულიყო და რომელიც, სამწუხაროდ, იყო უგულებელყოფილი, ბუნებრივია, იმას იქ გულმხურვალე და გულთბილ შეხვედრას არ მოუწყობდნენ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

შეკითხვაზე, როგორ მოხდა სოფელ უდაბნოში ხალხის მობილიზება, რომელიც გადამღები ჯგუფის და ივერი მელაშვილის ავტომობილს წინ გადაუდგა, ქადაგიშვილმა თქვა, რომ დავით გარეჯის მონასტერში სასულიერო პირები ძირითადად ამ სოფლიდან არიან და ხმა მალევე გავრცელდებოდა.

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი გუშინ, 4 მაისს დავით გარეჯის მამათა მონასტრის ტერიტორიაზე გადასაღებად იმყოფებოდნენ, როდესაც თავს დაესხნენ. ჟურნალისტმა ნინუცა კეკელიამ ინციდენტის შემდეგ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ სასულიერო პირებმა ივერი მელაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მას და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ვიდეოკამერა კი დააზიანეს. ჟურნალისტის თქმით, სასულიერო პირები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. დაპირისპირება მონასტრის ტერიტორიის დატოვების შემდეგაც გაგრძელდა – საგარეჯოსკენ მიმავალი გადამღები ჯგუფის ავტომობილს გზა სოფელ უდაბნოში მოქალაქეებმა გადაუკეტეს. ისინი ივერი მელაშვილს ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ გარეჯის ტერიტორიაზე მეორედ აღარ მისულიყო.

თავად ივერი მელაშვილი ამბობს, რომ მას შეცდომაში შეყვანილი ადამიანები დაუპირისპირდნენ, მომხდარზე კი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ჟურნალისტები ითხოვენ, გამოძიება მათ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლითაც წარიმართოს.

ე.წ. კარტოგრაფების საქმის განხილვა სასამართლოში ჯერ არ დასრულებულა. ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, რომლებიც 2020 წლის 7 ოქტომბრიდან პატიმრობაში იმყოფებოდნენ, 2021 წლის 28 იანვარს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და 20-20 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მელაშვილმა და ილიჩოვამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართეს, რაც სწორედ მათ დაკავებას და პატიმრობაში ყოფნის პერიოდს უკავშირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]