ინციდენტის ამსახველი ვიდეო „ფორმულამ“ გაავრცელა.
„იმ მოღალატეს როგორ უნდა დაატარებდეთ. წადით აქედან! წადით სანამ კარგად ხართ, სოფელში არ გამოჩნდეთ! იმ მოღალატეს ნუ დასდევთ“, – მიმართავს მამაკაცი „ფორმულას“ რეგიონულ კორესპონდენტს.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ისინი მხოლოდ ამბის გასარკვევად მივიდნენ, მამაკაცმა თქვა, რომ არაფრის გარკვევა არ უნდათ. ის ჟურნალისტს ხელითაც შეეხო, მასთან მიახლოვება რამდენჯერმე კიდევ სცადა და თან უმეორებდა, სოფელი დაეტოვებინა. მამაკაცის შეკავებას შვილი ცდილობდა, რომელმაც ჟურნალისტს ბოდიშიც მოუხდა და თქვა, რომ მამა ნასვამ მდგომარეობაში იყო.
„ის ადამიანი იწვევს ხალხში ზიზღს. თქვენ დადიხართ და ვიღაცას რაღაცას... არ შეიძლება, რა. ახლავე ჩაჯექით იმ მანქანაში“, – უთხრა ახალგაზრდა მამაკაცმა ჟურნალისტს.
გუშინ, 4 მაისს, სოფელ უდაბნოს მცხოვრებლებმა გზა გადაუკეტეს ავტომობილს, რომლითაც დავით გარეჯის მამათა მონასტრის ტერიტორიიდან ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერ მელაშვილი და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი ბრუნდებოდა. მათ ივერი მელაშვილს მოღალატე უწოდეს, დაემუქრნენ და მოსთხოვეს, რომ დავით გარეჯში აღარ გამოჩნდნენ. სოფელ უდაბნოს ინციდენტამდე მელაშვილსა და გადამღებ ჯგუფს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ჟურნალისტები ითხოვენ, გამოძიება მათ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლითაც წარიმართოს.
მომხდარზე კომენტარი „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გააკეთეს. გიორგი ვოლსკის შეფასებით, დავით გარეჯში ივერი მელაშვილის ჩასვლა „სერიოზულად დაგეგმილი პროვოკაცია“ იყო, რაც „სახელმწიფოს აყენებს იმ აუცილებლობის წინაშე, რომ გარკვეული ზომები მიიღოს სასულიერო პირების მიმართ“. დეპუტატმა და კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა კი თქვა, რომ დავით გარეჯში მელაშვილს „ბუნებრივია, გულმხურვალე და გულთბილ შეხვედრას არ მოუწყობდნენ“.