weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მთავრობას სირცხვილი, გაყიდეს საქართველო - რიონში გაუჩინარებული ბიჭის წერილი

12:32 ხუთშაბათი, 06 მაისი 2021
ფოტოზე - გასაჯაროვებული შეტყობინება და ადვოკატი გიორგი ჭოჭუა ფოტოზე - გასაჯაროვებული შეტყობინება და ადვოკატი გიორგი ჭოჭუა

მდინარე რიონში 25 დღის წინ გაუჩინარებული ნიკოლოზ ანთიძის ოჯახის ადვოკატი, გიორგი ჭოჭუა აცხადებს, რომ ტრაგიკულ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე ნიკოლოზმა „მესენჯერის“ საშუალებით „გამოსამშვიდობებელი წერილი“ გაგზავნა.

„ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ ეს არავის ბრალია... მა, არ ინერვიულო, სიგიჟემდე მიყვარხარ და იქით ცხოვრებაში გნახავ. მთელ ჩემს სანათესაო-საახლობლო-სანაცნობოს ვეფერები დიდი სიყვარულით. ცოტა გავითიშე, მარტო ერთ რაღაცაზე ვფიქრობ. მადლობა უფალს ყველაფრისთვის, მე ქრისტიანი კაცი ვარ.

მთავრობას სირცხვილი, გაყიდეს საქართველო და ამას ვერ დავუშვებ. უფლის წყალობით მოვიგებთ ამ ომს“.

ადვოკატის მიერ გასაჯაროვებული ფოტოს მიხედვით, შეტყობინება 10 აპრილს, 19:27 საათზეა გაგზავნილი.

„ეს იყო „მესენჯერში“, ელექტრონული სახით, ანუ მას მობილურ ტელეფონში ჰქონდა „მესენჯერი“, სადაც გააგზავნა და დატოვა ნაპირზე. შემდგომ, როდესაც ოჯახის წევრებმა გახსნეს მისი კომპიუტერი, აღმოაჩინეს გახსნილი „მესენჯერი“, სადაც ეს წერილი ეწერა. ზუსტად ემთხვევა იმ დროს, როდესაც ის გადახტა მდინარე რიონში. მას შექმნილი გვერდი აქვს ისეთი, სადაც მისთვის საჭირო ინფორმაციას იმახსოვრებდა“, - აღნიშნა ადვოკატმა.

იგი სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ცნობებს, თითქოს, ნიკოლოზ ანთიძე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამერიკის შეერთებული შტატების ვიზა ჰქონდა და მოცურავე იყო.

„ნიკოლოზს დედა გარდაცვლილი ჰყავს, მამა კი ცხოვრობს აშშ-ში. მისი ამერიკაში წასვლა ნამდვილად იყო მომავლის გეგმა, მაგრამ მას არანაირი ვიზა არ ჰქონდა.

მოსაზრება, თითქოს ტრაგიკული შემთხვევის დროს იგი იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, არ შეესაბამება სინამდვილეს.

შევისწავლეთ შემთხვევის ადგილი, აქციის მონაწილეების, ორგანიზატორებისა და კარვებში მყოფ პირთა ცხოვრების წესი და ჩვენი თვალით ვნახეთ, რომ კარვების ტერიტორიაზე არათუ ალკოჰოლი, არამედ თამბაქოს მოხმარებაც კი აკრძალულია.

ასევე გავესაუბრეთ პირებს, ვინც შეესწრო აღნიშნულ ფაქტს და ის მოსაზრება, რომ ის იყო მოცურავე, მან თითქოს გადაცურა რიონი და გავიდა მეორე მხარეს, არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ის არასდროს სპორტის ამ სახეობით არ ყოფილა დაკავებული. თვითმხილველებმა ნახეს ბოლო წამებში, შუა მდინარეში თუ როგორ მიცურავდა და გაუჩინარდა“, - თქვა გიორგი ჭოჭუამ.

ადვოკატის ინფორმაციით, გაუჩინარებულის ოჯახი საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს თხოვნით, მძიმე ტრაგედიას პოლიტიკური ნიშნით ნუ გამოიყენებენ. მისივე თქმით, ოჯახი მადლობას უხდის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს გაწეული დახმარებისთვის და სთხოვს მათ, აქტიურად გააგრძელონ სამძებრო სამუშაოები.

დღეს, დილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, საძიებო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ოპერაციის ფარგლებში, 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბრების წყლისგან დაცლა. უწყება ადგილობრივ მცხოვრებლებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით.

ნიკოლოზ ანთიძეს 10 აპრილიდან ეძებენ. ერთი კვირის წინ მაშველებმა მდინარეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ამ დრომდე ვერ შევძელით ინფორმაციის მოპოვება, იდენტიფიცირებულია თუ არა ის.

ნიკოლოზ ანთიძე ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილე იყო. ის სოფელ ნამოხვანში მეგობართან ერთად ჩავიდა და კარავში ორი ღამე გაათია. თვითმხილველების თქმით, მესამე დღეს, საღამოს, ანთიძე რიონში თავად შევიდა, გადარჩენის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა დახმარებაზეც უარი თქვა, მდინარის სიღრმისკენ ცურვა განაგრძო და დაახლოებით 200 მეტრის შემდეგ გაუჩინარდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ანთიძის გაუჩინარების შემდეგ პოლიციამ დაშალა რიონის ხეობის მცველების კარვები და მათ ნამოხვანი დაატოვებინა, მოგვიანებით კი ხეობაში გადაადგილებაც შეზღედეს. ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადეს, რომ დაზღვეულები არ იყვნენ, ვინმე კიდევ არ გადამხტარიყო რიონში. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]