weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

რუის-ურბნისის ეპარქიის რეზიდენციაში დეკანოზს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

14:09 პარასკევი, 07 მაისი 2021

რუის-ურბნისის მიტროპოლიტის რეზიდენციაში დაპირისპირება მოხდა. დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს, რომელიც რეზიდენციაში სტუმრად იმყოფებოდა, გუშინ, 6 მაისს, სურამისა და ხაშურის ეპარქიის მმართველის, მეუფე სვიმეონის (ცაკაშვილი) შესახებ გამოთქმული მოსაზრების გამო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

თეოლოგი ლევან ტატურაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მეუფე სვიმეონი და მისი თანმხლები პირები დეკანოზს თავს დაესხნენ, სცემეს და ძალადობრივად დააჩოქეს. მომხდარს ყოფილი მღვდელი ბასილ კობახიძეც გამოეხმაურა: „სანამ მამაოები სათითაოდ არ გაგვიგდებენ წიხლქვეშ, მანამდე არ გავახელთ თვალებს? დღეს დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი მეუფე იობის რეზიდენციის ეზოში წიხლქვეშ გაიგდეს სურამის და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონ ცაკაშვილმა, მისმა ბერდიაკონმა და მძღოლმა“.

რუის-ურბნისის ეპარქიის პრესსამსახური „რეგინფოს“ ზარებს არ პასუხობს. „ტვ პირველთან“ ინტერვიუში დეკანოზი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ადასტურებს და იქვე აღნიშნავს, რომ მომხდარი „შიდა საეკლესიო გაუგებრობაა, რომელიც მოგვარდა მღვდელმთავართან ერთად და არავითარი გამოხმაურება ან სხვაგვარი ინტერპრეტაცია საჭირო არ არის“.

„მე თვითონ გამოვხატე უდიერი განწყობა მღვდელმთავართან შეხვედრასთან დაკავშირებით.

ვთქვი, რომ მასთან შეხვედრას, მერჩივნა, შევხვედროდი ქვეწარმავალს. ასეთი სიტყვები, რა თქმა უნდა, არ უნდა მეთქვა. ფიზიკური დაპირისპირება ერის ადამიანმა ჩაიდინა, რომელიც აფექტურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ყველაფერი იქვე გაირკვა, როგორც შეშვენით ქრისტიანებს. იქვე, მეც ვითხოვე პატიება და ყველაფერი დამშვიდებული სიტუაციით დამთავრდა.

უხერხულია, რომ ვილაპარაკოთ, რა სახით მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება. არ მგონია, ეს ვინმეს აინტერესებდეს. ჩემთვის დაჩოქება არავის უთხოვია. მე ვითხოვე შენდობა, ყველაფრის მიუხედავად“, – აღნიშნავს დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი.

ბოლო პერიოდში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია რუის-ურბნისის ეპარქიაში ძალადობისა და სასულიერო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ. დაახლოებით ერთი თვის წინ ეპარქიის მმართველთან, მიტროპოლიტ იობთან დაპირისპირებული ბერი იონა აცხადებდა, რომ უკანონოდ, გამოგონილი ბრალდების საფუძველზე, დმანისის პოლიციის უფროსმა მეუფე იობის დავალებით დააკავა. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სიუჟეტის მიხედვით, მანამდე ბერს შეიარაღებული სულიერი ძმები ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ, იმის გამო, რომ ის „სამღვდელოების მანკიერ მხარეებს“ დაუპირისპირდა და მეუფე იობის მიერ ფსიქოტროპული აფთიაქების მფარველობაზე საუბრობდა. სიუჟეტის გასვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე შალვა ზამბახიძე დააკავა. მას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და განზრახ უკანონოდ დაკავება ედება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]