weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები შევიდნენ ნამოხვანში, სადაც გვირაბი შენდება

19:01 შაბათი, 08 მაისი 2021
ფოტო © მოძრაობა სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის ფოტო © მოძრაობა სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა თითქმის ერთი თვის შემდეგ, პირველად შეძლეს სოფელ ნამოხვანში შევლა, სადაც ინვესტორი კომპანია ენკა რინიუებლზი სამშენებლო სამუშაოებს აგრძელებს.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მთავრობის დაპირება, რომ კაშხლის მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადაა, არ სრულდება. მისივე თქმით, კომპანია კაშხლისთვის გვირაბის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.

„როდესაც საუბარია იმაზე, რომ კაშხლის მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდა და 12 თვე არ აშენდება, ვიდრე კვლევების ვალიდაცია არ მოხდება, რასაც მინისტრი ამბობს, ვხედავთ უშუალოდ კაშხლის ტანის მშენებლობის პროცესს, სადერივაციო გვირაბი გაჰყავთ. ყოველ დღე, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს სამუშაოები. საზოგადოებას საპირისპიროში არწმუნებენ ხოლმე ჩინოვნიკები, რომ თითქოს შეჩერებულია სამუშაოები, მხოლოდ გზის მშენებლობა მიდის და კვლევები სანამ არ გადამოწმდება, მანამდე აქ კაშხალი არ აშენდება“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. 

ჰესის მოწინააღმდეგეთა თქმით, მშენებლობა კანონის დარღვევით მიმდინარეობს. ისინი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მხრიდან რეაგირებას და პროცესის შეჩერებას ითხოვენ.

ადგილზე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი იმყოფება. მან აქტივისტებს უთხრა, რომ მშენებლობის ადგილზე ინსპექციის ჯგუფი ორშაბათს მივა. 

ნამახვანჰესის პროექტის დირექტორის, მერაბ ლომინაძის განცხადებით, ნამოხვანში მხოლოდ ის სამუშაოები ხორციელდება, რაზეც კომპანიას ნებართვა აქვს.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კაშხლის მშენებლობა არ მიმდინარეობს, როგორც ეს იყო გადაწყვეტილი მთავრობის მიერ. სამუშაოები ხორციელდება მხოლოდ გაცემული ნებართვის და მოსამზადებელი ფაზის ფარგლებში.

ძალიან სამწუხაროა, რომ საპროტესტო მობილიზაციისთვის გამოყენებულია გარკვეული პროვოკაციული ქმედებები. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ აქციის მონაწიელეებს წინასწარ არც კი უკითხავთ, მიმდინარე სამუშაოების შესახებ. კომპანიის თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში არიან ადგილზე, იმისათვის რომ ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდონ ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ“, – აცხადებს მერაბ ლომინაძე.

მისივე თქმით, მშენებელ კომპანიას მუდმივი კომუნიკაცია აქვს ზედამხედველობის და გარემოს დაცვის ინსპექციის წარომადგენლებთან: „ამ შემთხვევაში, როგორც სხვა ყველა შემთხვევაში, ისინი განახორციელებენ სრულ მონიტორინგს უახლოეს მომავალში“.


რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას ადგილობრივთა ნაწილი ექვსი თვეა, უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებს. პოლიციამ მათი აქცია რამდენჯერმე დაშალა, აქტივისტებს პროტესტის ადგილის შეცვლა არაერთხელ აიძულეს, 11 აპრილს კი სოფელ ნამოხვანში კარვები დაუშალეს, იქიდან აყარეს და მას შემდეგ, რიონის ხეობაში აღარ უშვებდნენ. საპოლიციო ძალებს ხეობის შესასვლელ-გასასვლელი ჩაკეტილი ჰქონდათ.

თებერვალსა და მარტში გამართული მრავალათასიანი აქციების გამო ხელისუფლება იძულებული გახდა „რიონის ხეობის მცველებისთვის“ დიალოგი შეეთავაზებინა. 15 აპრილს, საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სამი მოთხოვნა დააყენეს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, თანხმა იყვნენ დიალოგის გაგრძელებაზე. ეს მოთხოვნები იყო: რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანა და გუმათში აღმართული რკინის კედლის აღება; ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების სრულად შეწყვეტა; აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემა.

24 აპრილს მთავრობის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი – ნამახვანჰესის მოწინაღმდეგეებს მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ, რის გამოც მათ 23 მაისს, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციის ჩატარება დააანოსნეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]