weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რიონის ხეობის მცველები 23 მაისის აქციისთვის მხარდამჭერების მობილიზებას განაგრძობენ

13:29 ორშაბათი, 10 მაისი 2021

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ 23 მაისის მასშტაბური აქციის ჩასატარებლად ემზადება, რისთვისაც რეგიონებში შეხვედრებს მართავს. პროტესტის ლიდერები მოქალაქეებს დღეს ფოთსა და ქობულეთში შეხვდებიან და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.

როგორც „რეგინფოსთან“ მოძრაობის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელება, თითქოს, რიონის ხეობის მცვლელები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან თუ პირთან არიან დაკავშირებული, 23 მაისის აქციამდე ხალხის დაყოფას ემსახურება. გოლეთიანი კიდევ ერთხელ უარყოფს კავშირს ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან, მის აქციასთან და ამბობს, რომ პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირება მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ გაცხადებული პოზოციაა.

„ჩვენ პარტიების დღის წესრიგში არ შევდივართ. მგონი, ეს არის მცდელობა იმისა, რომ გადაგვიყვანონ ამ ფორმატში, ხელისუფლებასაც ყველაზე მეტად ეს აწყობს. ყალბი ფეისბუქ-გვერდები, რომლებიც დასპონსორებულია, ამ ნარატივს უშვებენ, თითქოს, ჩვენ ვიღაცასთან ვერთიანდებით. ეს სერიოზული პრობლემაა და აშკარაა, რომ ხელისუფლებაც მუშაობს ამაზე, რომ დაყონ ხალხი და 23-ში არ შემოუერთდნენ აქციას“, – აცხადებს „რეგინფოსთან“ საუბრისას გოლეთიანი.

გოლეთიანის თქმით, ზუსტად არ შეუძლია თქმა, 23 მაისამდე კიდევ რომელ რეგიონებში გამართავენ შეხვედრებს. როგორც ის ამბობს, სოფელ გუმათში დაძაბული მდგომარეობის გამო, შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეწყვიტონ რეგიონებში გასვლები და პროტესტი ისევ გუმათთან გააგრძელონ.

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მთავრობის დაპირება, რომ კაშხლის მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდა, არ სრულდება და ინვესტორი კომპანია „ენკა რინიუებლზი“ სოფელ ნამოხვანში კაშხლისთვის გვირაბის სამშენებლო სამუშაოებს ისევ აწარმოებს. ინსპექციის სამსახურმა სოფელში მიმდინარე სამუშაოები დღეს უნდა შეამოწმოს. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ სამუშაოები კანონდარღვევით მიმდინარეობს და უნდა შეჩერდეს.

რიონის ხეობის მცხოვრებლები და მათი მხარდამჭერები უკვე მეშვიდე თვეა, ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. პოლიციამ მათი აქციები არაერთხელ დაშალა, 11 აპრილს კი სოფელ ნამოხვანში გაშლილი კარვები დაურბია და პროტესტის ადგილიდან გამოაძევა. მას შემდეგ პროტესტის მონაწილეებს რიონის ხეობაში შესვლის და კარვების გაშლის უფლებას არ აძლევენ.

მოძრაობამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ 23 მაისს, თბილისში, საპროტესტო აქცია მას შემდეგ დააანონსა, რაც მთავრობასთან დიალოგი არ შედგა. მთავრობამ არ დააკმაყოფილა აქტივისტების მოთხოვნა, ჰესის სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის თაობაზე.

პარალელურად მთავრობამ ნამახვანჰესთან დაკავშირებით სამინისტროებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და ექსპერტებს შორის მედიაციის პროცესი წამოიწყო, რომელშიც ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორის მოადგილე დირკ ბუშლე და ამავე ორგანიზაციის გარემოს დაცვის ექსპერტი ალექსანდრა ბუჯაროსკა ჩაერთვებიან.

ნამოხვანის ჰესების კასკადი, რომელსაც თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ აშენებს, ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთის ჰესს - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ტვიში ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვედა ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. აქ 500 ჰექტარზე მეტი იტბორება. ქვედა ნამახვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

საქართველოს მთავრობამ შპს „ენკა რინიუებლზს“ რიონის ხეობაში 600 ჰექტარზე მეტი ფართობი გადასცა, 300-ჰექტრამდე საკუთრებაში, დანარჩენი 99 წლიანი იჯარით. კომპანიას ხეობის დიდი ნაწილი იქამდე გადაეცა, ვიდრე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვები გაიცემოდა. ჯერ კვლევებიც კი არ არსებობდა, შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ამ ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობა.

ნამახვანჰესის მშენებლობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები და ნებართვები ადგილობრივ მცხოვრებლებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით და „მწვანე ალტერნატივას“ სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. ერთი წლის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]