„ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, დმანისში, ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა, გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამინიტრო დმანისში შეკრებილ მოქლაქეებს კანონის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ პოლიცია „რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე“.
„დმანისში დაპირისპირების განმეორების პრევენციის და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაპირისპირებულ მხარეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას“, – აცხადებს შსს.
დმანისში, ქალაქის ცენტრში, ადგილობრივ ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ქართველ მოქალაქეებს შორის დაპირისპირება გრძელდება. მათი ნაწილი ჯოხებით, ხელკეტებით და სხვადასხვა ნივთით არის შეიარაღებული. პოლიცია მოქალაქეების შეკავებას ვერ ახერხებს და ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან.