weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დმანისის პოლიციასთან აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ

14:59 ორშაბათი, 17 მაისი 2021
tv4.ge-ის ფოტო tv4.ge-ის ფოტო

დმანისის პოლიციასთან ადგილობრივების ნაწილია შეკრებილი და გუშინ, მაღაზიასთან მომხდარი ჩხუბის გამო დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

პოლიციის შენობის წინ სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

„აქ შეკრებილი არ არიან მხოლოდ სვანები. დმანისში მცხოვრები ადგილობრივი ქართველებიც არიან და ითხოვენ დაკავებული ქართველი ბიჭების გათავისუფლებას. როგორც ვიცით, 5 თუ 6 ახალგაზრდაა დაკავებული. გამთენიიდან იმყოფებიან დაკითხვაზე და არავინ გამოსულა. სხვა ინფორმაცია არ გვაქვს“, – თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ქვემო ქართლის ტელევიზიასთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ გუშინ, 16 მაისს, დმანისში, ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც ჯგუფურ ძალადობაში გადაიზარდა. უწყებაში ამბობენ, რომ პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა და გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

დმანისში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება გუშინ, მაღაზიაში დაიწყო. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ „ომერ მარკეტის“ გამყიდველმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირებს უარი უთხრა ლუდის ნისიად გატანებაზე. ინტერნეტგამოცემა Aktual.ge-სთან მაღაზიის გამყიდველმა, საიდა ისმაილოვამ განაცხადა, რომ უარის შემდეგ, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„მითხრეს, რომ კალკულატორს თავში დამარტყამდნენ. მაშინ, ჩემი მამამთილი მოვიდა და ჰკითხა, რატომ მაყენებდნენ შეურაცხყოფას. მას სცემეს, რის გამოც პოლიცია გამოვიძახეთ. პოლიციის განყოფილებაში წაგვიყვანეს. ამ დროს მაღაზიასთან 60-მდე ადამიანი მოვიდა, ყველას სცემეს, დაამტვრიეს ჩვენი მანქანა“, – განაცხადა საიდა ისმაილოვამ.

სათვალთავალო კამერის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ მივიდა ოცამდე მამაკაცისგან შემდგარი ჯგუფი მაღაზიასთან, სადაც რამდენიმე მამაკაცი იმყოფებოდა. ვიდეოკადრების მიხედვით, მხარეებს შორის ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მისულმა მაღაზიასთან მყოფს დაარტყა. ამის შემდეგ ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. კადრების მიხედვით, მაღაზიასთან მყოფები მისულებს ჯოხებით დახვდნენ, ერთ-ერთს კი უროს მსგავსი ნივთიც ეჭირა. დაპირისპირების დროს სასტიკად გაუსწორდნენ შუახნის მამაკაცს. ვიდეოში ჩანს, რომ ის მიწაზე გაათრიეს და თავში ფეხები და ჯოხები ურტყეს. პოლიცია მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ჩხუბი დამთავრდა.

გუშინდელი დაპირისპირება დღეს დმანისის ქუჩებში გაგრძელდა. ჯოხებით, ხელკეტებით, თოხებითა და სხვადასხვა ნივთით შეიარაღებულ მოქალაქეებს შორის სამართალდამცველები იდგნენ, თუმცა ისინი მაინც ახერხებდნენ კორდონის გარღვევას. გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ დასდევდნენ და ფიზიკურად უსწორდენოდნენ ერთმანეთს ქუჩაში მოქალაქეები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]