„ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩვენივე პოლიცია ჩვენ წინ დაგვიყენოს და თავისუფლად გადაადგილების უფლება შეგვიზღუდოს. ჩვენ ვხმაურობთ იმისთვის, რომ ეს უსამართლობა შეწყდეს და ვიხმაურებთ იქამდე ვიდრე, კონსტიტუციით ჩვენთვის მონიჭებული უფლებები არ იქნება აღდგენილი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მაკა სულაძემ.
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებლებმა და მათმა მხარდამჭერებმა სოფლებში – გუმათსა და ტვიშში გზა გადაკეტეს და არ აპირებენ გაატარონ ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის, „ენკა რინიუებლზის“ ავტომანქანები. მოძრაობის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ გზა გადაკეტილი ექნებათ მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, ისინი ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.