weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლიციამ გუმათჰესთან რკინის ჯებირების დაზიანებაზე გამოძიება დაიწყო

11:09 ხუთშაბათი, 27 მაისი 2021
mtisambebi.ge-ის ფოტო mtisambebi.ge-ის ფოტო

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, დაზიანებულია პოლიციის მიერ გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები.

„ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გუშინ თბილისიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლეს და გუმათში განაგრძეს საპროტესტო აქცია. შეკრებილები მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს და სხვადასხვა საგნებს ურტყამდნენ. სამინისტრო დეტალურად სწავლობს კანონდარღვევის ფაქტს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – აცხადებს შსს.

სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დროს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.

თბილისიდან სოფელ გუმათში, რიონის ხეობის შესასვლელთან დაბრუნებული ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები პოლიციის ბლოკპოსტთან ხელახლა აღმართულ რკინის ჯებირებზე მთელი ღამის განმავლობაში აბრახუნებდნენ. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მაკა სულაძემ თქვა, რომ ეს იყო ხმაური უსამართლობის წინააღმდეგ.

„ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩვენივე პოლიცია წინ დაგვიყენოს და თავისუფლად გადაადგილების უფლება შეგვიზღუდოს. ვხმაურობთ იმისთვის, რომ ეს უსამართლობა შეწყდეს და ვიხმაურებთ იქამდე, ვიდრე კონსტიტუციით ჩვენთვის მონიჭებული უფლებები არ იქნება აღდგენილი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მაკა სულაძემ.

რიონის ხეობის მცხოვრებლები და მათი მხარდამჭერები შვიდი თვეა, უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ნამახვანჰესის მშენებლობას. 23 მაისიდან ისინი თბილისში მართავდნენ საპროტესტო აქციებსა და მსვლელობებს, 26 მაისის აქციის შემდეგ კი სოფელ გუმათში დაბრუნდნენ და რიონის ხეობისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს ჰესის მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ ავტომანქანებს. ხეობაში დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეყვანილი ჰყავს წყლის ჭავლის მანქანებიც.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ რიონის ხეობაში შესასვლელი ორივე გზა გადაკეტილი ექნებათ მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, ისინი ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]