weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ირაკლი მუკბანიანის მხარდასაჭერად ქუთაისის სასამართლოსთან აქცია იგეგმება

16:53 ოთხშაბათი, 02 ივნისი 2021

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, საპროტესტო მოძრაობის დაკავებული წევრის, ირაკლი მუკბანიანის მხარდასაჭერად ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან ხვალ აქცია გაიმართება. როგორც გოლეთიანი ამბობს, მუკბანიანი პროვოკაციის მსხვერპლია.

29 წლის ირაკლი მუკბანიანი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში გუშინ დააკავეს და ბრალად პოლიციელზე თავდასხმა ედება.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, მუკბანიანი მოძრაობის აქტიური წევრი იყო და სხვებთან ერთად, ისიც კარავში რჩებოდა. გოლეთიანი ადასტურებს, რომ 29 მაისს, გუმათჰესთან აღმართულ რკინის ჯებირთან მიმდინარე აქციაზე, პოლიციელს ნამდვილად მოხვდა ირაკლი მუკბანიანის ხელი, რასაც წინ პოლიციის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა უძღოდა.

„რაც დედაქალაქიდან ისევ ხეობაში გადმოვინაცვლეთ, განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება ჩვენსა და საპოლიციო ძალებს შორის.

ბარიკადის მეორე მხრიდან ხდება ხოლმე დაპირისპირების პროვოცირება, სიტყვიერი და სხვადასხვა ჟესტებით შეურაცხყოფა ჩვენი თანამებრძოლების.

სიტყვიერ შეურაცხოფას ჩვენი ერთ-ერთი თანამებრძოლისგან, ირაკლი მუკბანიანისგან პოლიციის მისამართით ხელის მოქნევა მოჰყვა, რაც ნამდვილად მოხვდა პოლიციელს, ეს კადრებშიც ჩანს. თუმცა, ამის შემდეგ, როცა განიმუხტა ვითარება, ყველა დაიშალა და ირაკლიც წავიდა სახლში, პოლიციამ დაიწყო ძიება. ნიშანდობლივია, რომ მათ არ მოუმართავთ ჩვენთვის. შეუძლიათ პირადად დამიკავშირდნენ ტელეფონზე და მკითხონ ნებისმიერ რამ, მით უმეტეს, როცა იციან, რომ ადამიანი ჩვენი თანამებრძოლია. როგორც ახლა თვითონ ამბობენ, სამი დღე ეძებდნენ და ბოლოს დაადგნენ საყულიაში, სადაც ის ცხოვრობს და მოხდა მისი რეპრესიული მეთოდებით აყვანა. საუბარია იმაზე, რომ ამის საჭიროება არ იდგა. არანაირი გამართლება ამ მიდგომას არ აქვს. პოლიციის ერთი ეკიპაჟი რომ მისულიყო, ის ჩვეულებრივად გაჰყვებოდა“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მიზანმიმართულად მოქმედებს, რომ საპროტესტო მოძრაობა „გააშავოს“.

„პოლიცია, ხელისუფლება ცდილობს იმას, რომ დიდი დაპირისპირების პროვოცირება მოხდეს და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გადაიზარდოს დესტრუქციაში იმიტომ, რომ სხვაგვარად ვერ ახერხებენ ჩვენი პროტესტის განეიტრალებას“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

ირაკლი მუკბანიანისთვის პროკურატურას ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია. ქუთაისის საქალაქო სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ხვალ, 3 ივნისს იმსჯელებს.

„ვგეგმავთ აქცია სასამართლოსთან ჩავატაროთ. ჯერ არ ვიცით საათი, როდის ჩაინიშნება პროცესი. როგორც კი გავიგებთ, ვიტყვით. იქ უნდა შევიკრიბოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რომ მოსამართლეს არ მიეცეს უკანონო გადაწყვეტილების მიღების საშუალება“, – განაცხადა გოლეთიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ირაკლი მუკბანიანის დაკავების დროს, სოფელ საყულიას მცხოვრებლებმა პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს და მათ თავს დაესხნენ, ბრალდებულის დაკავების შემდეგ კი პოლიციას გადაადგილების საშუალება შეუზღუდეს, დაკავებულის გათავისუფლებას ცდილობდნენ და შეეცადნენ ცეცხლსასროლი იარაღის პოლიციისთვის წართმევას.

„ამავდროულად პოლიციას ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა საგნებს, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო პოლიციის ორმა თანამშრომელმა. სიტუაციის ესკალაციის და დაპირისპირების განმუხტვის მიზნით პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა. ასევე, გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ირაკლი მუკბანიანის ძმა, ბესიკ მუკბანიანი გუშინ ამბობდა, რომ სამართალდამცველებს ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა არ გაუკეთებიათ და მის ძმასთან ერთად მყოფ პირებს ფეხებში ესროლეს „მაკაროვის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა. ადგილობრივებმა ცარიელ ვაზნებთან ერთად რეზინის ტყვიები იპოვეს.

ირაკლი მუკბანიანი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით არის დაკავებული, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]