weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რა თქვეს ნინოწმინდის პანსიონის ბავშვებმა სახალხო დამცველთან – ლომჯარიას განცხადება

12:43 ორშაბათი, 07 ივნისი 2021

საქართველოს სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრებ არასრულწლოვნებს შეხვდა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, ბავშვებმა მათზე განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ისაუბრეს, რამაც კიდევ ერთელ დაარწმუნა, რომ აუცილებელია პანსიონი ყველა აღსაზრდელმა დატოვოს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ის პანსიონის ექვს აღსაზრდელს ესაუბრა და ისინი ძალადობის ერთსა და იმავე ფორმებს ასახელებენ. ნინო ლომჯარიას თქმით, ფიზიკურ შეხებას ადგილი ჰქონდა როგორც ხელით, ისე ჯოხებით.

„მათზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ძირითადად ხორციელდებოდა მცირეწლოვნობის ასაკში, ასახელბენ 4-დან 10 წლამდე. შემდეგ უკვე, როგორც ისინი აცხადებენ, უკვე ჰქონდათ იმის საშუალება, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ და გაეპროტეტებინათ მსგავსი მოპყრობა.

ისაუბრეს ძირითადად ერთსა და იმავეზე. მაგალითად, ცალ ფეხზე დაყენება და ხელში სკამით დგომა. ასევე, ასახელებენ ღამის განმავლობაში ფეხზე დგომას. ერთ-ერთმა მათგანმა ისიც მითხრა, რომ ორი ღამის განმავლობაში საერთოდ არ ეძინა, როგორც დასჯის მეთოდი და საკმაოდ პატარა იყო ამ ასაკში.

ასევე, ასახელებენ შეურაცხყოფის ფაქტებს, მათ შორის, მშობლების მიმართ. ეს იყო ყველაზე მტკივნეულიო - მშობლების ცუდად მოხსენიებით ბავშვების დამცირება. ასევე, ასახელებენ საკვების გამოტოვებას - აყურებინებდნენ, თუ როგორ ჭამდნენ სხვები, მათ შორის, თავად აღმზრდელები“, – განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, მასთან გულწრფელად საუბარი ბავშვებისთვის არ იყო ადვილი, რადგან, როგორც თავად თქვეს, „არერთი ცუდი სტერეოტიპი ჰქონდათ სახალხო დამცველის შესახებ მთელი ბავშვობის განმავლობაში მოსმნელი“.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ნინოწმინდის პანსიონში, რომელიც საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, ბოლო სრულფასოვანი მონიტორინგი 2018 წელს ჩაატარეს. ლომჯარიას ინფორმაციით, მაშინ, ბავშვებთან გაუსაუბრების პროცესში მეუფე სპირიდონი და პანსიონში მყოფი სხვა პირები ჩაერთნენ, რომლებმაც უხეში ფორმით აიძულეს მისი წარმომადგენლები ინტერვიუ შეეწყვიტათ და პანსიონი დაეტოვებინათ. სახალხო დამცველი წინა წლების საპარლამენტო ანგარიშებშიც წერდა, რომ მის წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებდნენ.

წელს, პანსიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლების არ შეშვების ფაქტი 15 აპრილს დაფიქსირდა, რის შემდეგაც სპირიდონმა განაცხადა, რომ ნინო ლომჯარიას პანსიონში გარყვნილება შეაქვს და ბავშვების დაზიანების უფლებას არ მისცემს.

მალევე, „პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისთვის“ ჯერ თბილისის სასამართლოს, შემდეგ კი გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტს მიმართა მოთხოვნით, დაევალებინათ სახელმწიფო უწყებები, რომ სახალხო დამცველს ნინოწმინდის პანსიონში მონიტორინგი განეხორციელებინა. საქალაქო სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, გაეროს კომიტეტმა დროებითი ღონისძიება მიიღო და საქართველოს მთავრობას პანსიონში მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა. სახელმწიფომ გაეროს კომიტეტის მოთხოვნა არ შეასრულა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში 19 მაისსაც არ შეუშვეს.

2 ივნისს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ პანსიონში ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის სამ და გაუპატიურების ერთ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმეები 2016-2021 წლების პერიოდში აღძრული. ამის შემდეგ, მედიამ გაავრცელა პანსიონის აღსაზრდელების ინტერვიუები, სადაც ბავშვები არადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობაზე საუბრობენ.

5 ივნისს, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) სარჩელი და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით დროებითი განჩინება მიიღო. განჩინებით ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალათ დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე უზრუნველყონ პანსიონში მყოფი შშმ ბავშვების სხვა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში გადაყვანა. რაც შეეხება სხვა ბავშვებს, მოსამართლემ მიუთითა, რომ მათთან მიმართებაში PHR-ს არ გააჩნია უფლებამოსილება, წარადგინოს შუამდგომლობა დროებითი განჩინების გამოცემის თაობაზე.

მოსარჩელე მხარე, ისევე როგორც საქართველოს სახალხო დამცველი, მიიჩნევს, რომ განჩინება პანსიონში მყოფ ყველა ბავშვზე უნდა გავრცელდეს, რადგან მოსამართლემ საფრთხის შემცველად შეაფასა პანსიონში ზოგადად არსებული მდგომარეობა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

„სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები იქ მყოფ არასრულწლოვნებზე უღირსი მოპყრობის და ძალადობის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ; აგრეთვე, პანსიონის ადმინისტრაციას და პერსონალს არ მისცემია შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია“, – აცხადებს საპატრიარქო.

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დღეს, პანსიონში 47 ბავშვი იმყოფებოდა. მას შემდეგ 20 ბავშვის გამოყვანა მოხდა, რომელთაგან 7 შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურმა მუშაკმა მედიასთან განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულეს. მისივე თქმით, არასრულწლოვნები ბიოლოგიურ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში არიან გადაყვანილები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]