weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

კომპანიის შეთავაზებას პროტესტის ყველა მონაწილე დათანხმდა – ჯორჯიან მანგანეზი

10:50 ხუთშაბათი, 10 ივნისი 2021
ფოტოზე - ნიკოლოზ ჩიქოვანი, მთავრობის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი ჯორჯიან მანგანეზში ფოტოზე - ნიკოლოზ ჩიქოვანი, მთავრობის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი ჯორჯიან მანგანეზში

ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებთან მიღწეული შეთანხმების შესახებ. კომპანიის ცნობით, მათ შეთავაზებას პროტესტის ყველა მონაწილე დათანხმდა და თითოეულ მესაკუთრესთან ინდივიდუალური ხელშეკრულებები გაფორმდა.

„კონსტრუქციული მოლაპარაკებების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზიანის შეფასების შემთხვევაში მათ ექნებათ არჩევანის უფლება: ზიანის შეფასება განხორციელდეს არსებული მოდელით, რომლის შესახებ უკვე არსებობს ჩანაწერი სოფელს და კომპანიას შორის გაფორმებულ მემორანდუმში, ან მათივე მოთხოვნის მიხედვით, ზიანის შეფასება უზრუნველყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დოკუმენეტით დადასტურდა და მას იურიდიული ძალა აქვს“, – აცხადებს „ჯორჯიან მანგანეზი“.

მათივე ცნობით, ხელშეკრულებას ხელს აწერენ პროტესტის მონაწილეები და „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი.

შუქრუთის მცხოვრებლებმა, რომელთაც პირი ჰქონდათ ამოკერილი, შიმშილობა და პროტესტი შეწყვიტეს. წუხელ მათ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, სადაც ათი დღე აქციას მართავდნენ.

შუქრუთელებმა საპროტესტო აქცია თებერვალში დაიწყეს. მათ კოროხნალის მაღაროსკენ მიმავალი გზა გადაკეტეს, მოგვიანებით კი საწარმოს შესასვლელში ფარდული გააკეთეს. აქციის ხუთი მონაწილე პოლიციამ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის საფუძვლით 2000-2000 ლარით დააჯარიმა. ადგილობრივების პროტესტის გამო, მარტში მაღარო გაჩერებული იყო. „ჯორჯიან მანგანეზის“ მოთხოვნით, პოლიციამ გამოძიება დაიწყო და აქციის ოთხი მონაწილე საწარმოს მუშაობაში ხელის შეშლის მიზეზით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

11 მაისს პროტესტის სამმა მონაწილემ უკიდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერა. მოგვიანებით მათ კიდევ ხუთმა ადამიანმა მიბაძა, რომელთაგან სამი ქალი იყო.

შუქრუთელები მანგანუმის მომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ სამართლიან კომპენსაციას ითხოვენ, რათა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების გაგრძელება შეძლონ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანია „შუქრუთი+“ მანგანუმს უკონტროლოდ მოიპოვებს, რის გამოც შუქრუთში სახლები ინგრევა, ეზოებში კი თვალუწვდენელი ღრმულები გაჩნდა და იქ ცხოვრება საშიში ან შეუძლებელია.

30 მაისს, პროტესტის მონაწილეებმა კოროხნალის მაღაროს მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისში, აშშ-ს საელჩოსთან გადმოინაცვლეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათი მდგომარეობით არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება არ დაინტერესდა. შუქრუთელებმა დახმარება და ხელისუფლებასთან შუამდგომლობა აშშ-ს ელჩს სთხოვეს. ელჩმა კელი დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ მოშიმშილეების წუხილი მოსმენილი და გაგონილი იქნებოდა.

4 ივნისიდან აქციის მონაწილეებს მშრალი შიმშილობა ჰქონდათ გამოცხადებული, რაც 7 ივნისს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობისგან დიალოგის შეთავაზების შემდეგ შეწყვიტეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]