weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„რიონის ხეობაში დგას მეორე მხარეც“ – ნამახვანჰესის აშენების მოთხოვნით აქცია გაიმართა

14:29 სამშაბათი, 15 ივნისი 2021

„მივმართავთ მთავრობას, რომ აქ, რიონის ხეობაში, დგას მეორე მხარე, რომელსაც უნდა ნამახვანჰესის მშენებლობა. თუ ყურადღებას არ მოგვაქცევენ, მინდა იცოდეს მთავრობამ, რომ ჩვენც დავიწყებთ მასობრივ გამოსვლებს“, – განაცხადა ნამახვანჰესის მშენებლობის მოთხოვნით წყალტუბოს სოფელ ოფურჩხეთში გამართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მაია მამრიკიშვილმა.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პროექტის გაჩერების შემთხვევაში ადგილობრივები შემოსავლის ერთადერთ წყაროს დაკარგავენ. მათივე თქმით, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა მხრიდან მათზე ბულინგი ხორციელდება.

„დასაქმებული ვინც არიან, ისინიც გააჩერეს. აქ ისეთი ხალხია დასაქმებული, რომ ალბათ ვერასდროს ვერ იმუშავებდნენ. „ენკამ“ იმის საშუალება მისცა ხალხს, რომ ყველას შეუძლია წესიერი და პატიოსანი შრომით პურის ფული მის მიწაზე მოიპოვოს.

დღეს ყველაფერი შეჩერებულია, არაფერი მუშაობს. ხალხს უამრავი სესხი აქვს გამოტანილი და შეიძლება ძალიან ცუდადაც დამთავრდეს, თუ არ გაგრძელდება“, – თქვა ჟურნალისტებთან აქციის მონაწილემ, ლალი ჯანელიძემ.

მისივე თქმით, ნამახვანჰესის პროექტში „იმდენი მკვლევარია ჩართული“, რომ იმედი აქვს, ჰესი უსაფრთხო იქნება.

„გაგვიჩნდა სახსრები იმის, რომ ოჯახები ვარჩინოთ, შვილები ვარჩინოთ და ამ წინააღმდეგობებით, ამ პოლიტიკური თამაშების გამო, ჩვენ, უბრალო ადამიანები ვიჩაგრებით“, – განაცხადა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.

ნამახვანჰესის მშენებლობის გაგრძელების მოთხოვნით სოფელ ოფურჩხეთში აქციები პერიოდულად იმართება. რიონის ხეობის სოფლების რამდენიმე ათეულმა მცხოვრებმა მთავრობას დახმარებისთვის 16 იანვარს გამართულ აქციაზეც მიმართა.

გიგანტური ჰესის მშენებლობას ადგილობრივთა ნაწილი და მათი მხარდამჭერები შვიდ თვეზე მეტია უწყვეთ რეჟიმში აპროტესტებენ. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ითხოვს უარი ითქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, კომპანიისთვის გადაცემული მიწები დაუბრუნდეს სახელმწიფოს, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი და გამოძიება დაიწყოს იმ ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც ხელს აწერენ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შესაძლო დანაშაულებრივ დოკუმენტებს.

ინვესტორი კომპანია, შპს „ენკა რინიუებლზი“ აცხადებს, რომ არ აპირებს ნამახვანჰესის პროექტის გაჩერებს, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას. 

100 წელი და ა.შ. - ასეთი პირობებით ნამახვანჰესის პროექტს არ გავაგრძელებთ – ღარიბაშვილი

ნამოხვანის ჰესების კასკადი, რომლის ასაშენებლად მთავრობამ ხელშეკრულება შპს „ენკა რინიუებლზ“-თან 2019 წლის 25 აპრილს გააფორმა, ორ ჰესს მოიცავს: ზემო ნამახვანი ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ქვემო ნამახვანი ჰესს - 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ზემო ნამახვანი ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ზემო ნამახვანი ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვემო ნამახვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში, რის შედეგადაც 500 ჰექტარზე მეტი დაიტბორება. ქვემო ნამახვანის ჰესისთვის ასევე დაგეგმილია 4400 მეტრი სიგრძის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

2019 წლის 21 ნოემბერს მთავრობამ ძირითადად წყალტუბოს, ასევე, ცაგერისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, „ენკა რინიუებლზს“ 121 ლარად საკუთრებაში გადაეცა 1,409,391 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონება და 1,535,975 კვ.მ ფართობის ტყე წყალტუბოს, ტყიბულისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში (ძირითადად წყალტუბოში); ასევე, აღნაგობის უფლებით, 99 წლის ვადით, წლიურ 16 ლარად გადაეცა 2,372,409 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო ქონება და 445,245 კვ.მ ტყე.

მთავრობამ კომპანიასთან ხელშეკრულება მანამდე დადო და ჰესების მშენებლობისთვის მიწებიც მანამდე გადასცა, ვიდრე შესაბამისი ნებართვები გაიცემოდა – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვემო ნამახვანი ჰესის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2020 წლის 28 თებერვალს, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ“ მშენებლობის ნებართვა 2020 წლის 22 აპრილს დაამტკიცა.

ქვემო ნამახვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა გარკვეული პირობებით გაიცა. მათ შორის, „ენკა რინიუებლზს“ სრული საპროექტო დოკუმენტაცია და საექსპერტო დასკვნები მიმდინარე წლის 13 აპრილამდე უნდა წარედგინა. ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კომპანიამ თითქმის ერთი წლით ითხოვა ვადის გაგრძელება, რაც „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ დააკმაყოფილა. კომპანიამ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად „პროექტის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა“ დაასახელა.

სახელმწიფოს როგორც ინვესტორ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, ისე მიწების გადაცემის შესახებ განკარულება 2021 წლის თებერვლამდე გასაიდუმლოებული ჰქონდა.

 

ამ თემაზე:

რა ვალდებულებები აიღო მთავრობამ ნამახვანჰესის ხელშეკრულებით

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]