„აქ მუშაობენ სოციალური მუშაკები. მათ მონიტორინგიც აქვთ და 24 საათი აქ არიან, სანდო ხალხია. ცოტა ხანი დაგვაცადონ, პრობლემა არ გვაქვს. მე გუშინაც ვთქვი, ჯერ თბილისში შევხვდები, შემდგომ ცივილიზებულად დავილაპარაკებთ. არ ვარ ის ადამიანი, ყველანაირად ვიცი რა... სანამ ბავშვები ამ მდგომარეობაში არიან, მართალი ვიქნები, რომ არავინ მივაკარო ადვოკატის გარეშე. დალაგება მინდა აქ სიტუაციის“, – განაცხადა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან.
სახალხო დამცველმა ნინოწმინდის პანსიონში შესვლა და მონიტორინგის განხორციელება დააანონსა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ უახლოეს დღეებში დაწესებულებიდან ბავშვების გამოყვანის პროცესი შეჩერდება ან აქტიურად აღარ წარიმართება.
„ვინაიდან ჩვენს გამო ძალიან სერიოზული წნეხი და ზეწოლა ხორციელდებოდა ბავშვებზე, ისინი საკმაოდ სტრესულ გარემოში იმოფებიან, ვინაიდან ბოლო კვირებისა და დღეების განმავლობაში მათთან იმყოფებიან სოციალური მუშაკები, ჩვენ არ გვინდოდა, რომ მათთვის დამატებით შეგვექმნა დაძაბული და სტრესული გარემო, ამიტომ, თავს ვიკავებდით კიდევ ერთი ვიზიტის განხორციელებისგან. თუმცა, თუ უახლოეს დღეებში დავინახეთ, რომ ბავშვების პანსიონიდან გამოყვანა, მათი ოჯახებში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა და არ განხორციელდა ისე აქტიურად, როგორც ბოლო პერიოდში ხორციელდებოდა, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მონიტორინგი განვახორციელოთ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ და იმედი გამოთქვა, რომ პანსიონის ახალი ხელმძღვანელობა მონიტორინგს „ძალიან სწორად შეხვდება“.
ამასთან, დღესვე, ნინო ლომჯარიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საჯაროდ მიმართა და მოითხოვა, რომ სახალხო დამცველს, როგორც კონსტიტუციურ და ბავშვის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს, მისცენ საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა.
ბოლო ინფორმაციით, პანსიონში 23 ბავშვი რჩება.
5 ივნისს, სასამართლომ დროებითი განჩინება მიიღო, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალათ პანსიონში მყოფი შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ გადაეყვანათ სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განჩინება პანსიონში მყოფ ყველა ბავშვზე უნდა გავრცელდეს, რადგან მოსამართლემ საფრთხის შემცველად შეაფასა პანსიონში ზოგადად არსებული მდგომარეობა.
საპატრიარქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს. ამის მიუხედავად, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, დროებითი განჩინების მიღების შემდეგ, პანსიონიდან 20 ბავშვი გაიყვანა, რომელთაგან 7 შშმ პირია. არასრულწლოვნები ზრუნვის სხვადასხვა ფორმაში არიან განთავსებული, როგორიც არის ბიოლოგიური ოჯახი, მცირე საოჯახო ტიპის სახლი და მინდობით აღზრდა.