weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ცხინვალში გადასვლას არ დავთანხმდებით – ზაზა გახელაძის მეუღლე

16:58 ოთხშაბათი, 16 ივნისი 2021
ფოტოზე - ზაზა გახელაძე ფოტოზე - ზაზა გახელაძე

ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის მეუღლე, ირმა ბუთხუზი ამბობს, რომ მედიიდან შეიტყო ერგნეთში გამართული შეხვედრის შედეგები, კერძოდ, ის, რომ პატიმართან შესახვედრად ოჯახის წევრების ცხინვალში გადაყვანა განიხილება.

როგორც ირმა ბუთხუზი ამბობს, ამ შეთავაზებას არ დათანხმდებიან და თავად ეცდებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

„თვალს ვადევნებდით პირდაპირ ჩართვებს და მაშინ აღნიშნა ირაკლი ანათაძემ, რომ, თურმე, აპირებენ ჩვენს გადაყვანას ცხინვალის ციხეში ზაზას დაბადების დღეზე. ჩვენ, ოჯახმა არ ვიცით, რა პირობები აქვთ მათ, რას ფიქრობენ და ვის გადაიყვანენ. ეს არ გვაინტერესებს. ჩვენ არც დავთანხმდებით ამ გადაყვანას.

აღარ გვინდა განვიცადოთ იგივე, რაც განვიცადეთ წითელი ჯვრის მიერ გადაყვანის დროს, როდესაც პირველად შევხვდით ზაზას. უარს ვამბობთ ამ შეხვედრაზე. ამას ჩვენ თვითონ გავაკეთებთ, ჩვენ თვითონ მოვახერხებთ, იმავე გზას გავივლით, რაც გაიარა ზაზამ და მოხვდა ცხინვალის ციხეში“, – ამბიობს ირმა ბუთხუზი.

ზაზა გახელაძის მეუღლის თქმით, ოჯახს პრეტენზია ხელისუფლებასთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან აქვს, რომლისგანაც მიიღეს დაპირება, რომ უკანონო პატიმარს 31 მაისამდე გაათავისუფლებდნენ.

ღარიბაშვილი იყო პირველი კაცი, ვინც დანამდვილებით და გადაჭრით გვითხრა, რომ შეძლებდა ზაზას დაბრუნებას 31 მაისამდე. ისე დაგვარწმუნა, რომ გვეგონა უკვე სახლში იქნებოდა, მაგრამ დღეს უკვე 16 ივნისია და არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ არის ზაზა თავისუფალი.

ამაზე არავინ გვცემს პასუხს. როდესაც პირველი პირი გეუბნება გათავისუფლების ვადას და პასუხგაუცემელი კითხვები გაქვს, ძნელია ამის შემდეგ ვიღაცის გჯეროდეს“, – განაცხადა ირმა ბუთხუზმა.

ოჯახი ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით 23 ივნისიდან აქციების გამართვას აპირებს. 23 ივნისის ზაზა 34 წლის გახდება.

გუშინ, სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მე-100 შეხვედრა გაიმართა. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლმა, ირაკლი ანთაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ პრინციპულად დააყენა გახელაძის გათავისუფლების საკითხი. გარდა ამისა, ანთიძის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს შესაძლებლობა, რომ ის ოჯახის წევრებმა პატიმარი ცხინვალში მოინახულონ.

„განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ მოხდეს ოჯახის წევრების ვიზიტი ცხინვალში ზაზა გახელაძის მოსანახულებლად და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში, ეს თარიღი ცნობილი გახდება. რაც შეეხება, შემდგომ პროცესს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, რათა პროცესი არ დაზიანდეს“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა კასპის რაიონში, ე.წ. სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2020 წლის 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და უკანონოდ დააკავეს. 2021 წლის 5 თებერვალს დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ, მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 322-ე მუხლებით, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელზე თავდასხმასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]