weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კომპანია უარს აცხადებს ნამოხვანში ჩვენს შესვლაზე – გოლეთიანი

00:00 შაბათი, 19 ივნისი 2021
ipn.ge-ის ფოტო ipn.ge-ის ფოტო

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლების შუამავლობით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და მთავრობას შორის მეორე შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, შეხვედრაზე შეიტყვეს, რომ კომპანია „ენკა რინიუებლზი“ სოფელ ნამოხვანში მათი შესვლის წინააღმდეგია.

„იცით, რომ ჩვენ გვინდა დაბრუნება პროტესტის ძირითად ადგილზე – ნამოხვანში, სადაც კარვები დაგვირბიეს. რიონი აპირებდა ადიდებას და ეს გახდა მოტივი ჩვენი დარბევის. როგორც დღეს მოვისმინეთ, თურმე, კომპანია უარს აცხადებს იქ ჩვენს შესვლაზე, ამბობს, რომ მისი კერძო საკუთრებაა. მთელმა საზოგადოებამ იცის, რა ხდება და როგორ არის ეს მიწა კომპანიის საკუთრება. ითქვა, რომ ალტერნატიული ადგილები უნდა შემოგვთავაზონ. ბუნებრივია, ჩვენ ვერ შევალთ მეათეხარისხოვან ადგილებზე და დავრჩებით იქ, სადაც ვდგავართ. მნიშვნელობა ჰქონდა უშუალოდ იმ ადგილზე დაბრუნებას. არ ვიცი, საბოლოო ჯამში ამ საკითხზე შეთანხმება როგორ მოხდება. პრინციპში, ეს იმ მხარეზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ვარლამ გლეთიანმა.

მისივე თქმით, პროტესტს ჩვეულებრივ გააგრძელებენ – ინვესტორი კომპანიის ტექნიკასა და სატრანსპორტო საშუალებებს მშენებლობის ადგილისკენ გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„ბარიკადი აღებულია, მაგრამ ვირტუალური ბარიკადი დევს და ჩვენ მაინც ვერ ვახერხებთ მეორე მხარეს გადასვლას. რა იცვლება ამით ჩვენთვის? რაც მანამდე იყო, ის პირობები რატომ უნდა შეიცვალოს, როდესაც ჩვენთვის ამ ბარიკადის აღებით არაფერი შეცვლილა?

ამ ლოგიკიდან გამოვდივართ და დღევანდელ შეხვედრაზეც ამაზე გვქონდა საუბარი. თუ ეს აუცილებლად შესასრულებელი პირობები არ შესრულდება, ვერ გადავალთ მედიაციის ეტაპზე. ჩვენ დიდი ხანია ამ პირობებს ვაყენებთ, ჩვენგან ეს ახალი არ არის. ამიტომ, თუ მათი შესრულების ნაწილში უფრო ადეკვატური არ იქნება ხელისუფლება და კიდევ ასე სპეკულაციურად გაყვებიან პროცესებს, ბუნებრივია, ჩვენ დავრჩებით აქ, სამუშაო პროცესი ხეობაში არ მიდის და ვერც განახლდება“, – აღნიშნა გოლეთიანმა.

დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააყენეს საპროტესტო აქციის ორი დაკავებული მონაწილის გათავისუფლების საკითხი. ვარლამ გოლეთიანს თქმით, პირველ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების თანახმად, პროკურატურას მათ შესახებ განცხადება უნდა გაეკეთებინა, თუმცა შეთანხმება არც ამ ნაწილში შესრულდა.

„ამასაც ველოდებით ჩვენ და ზუსტად უნდა განისაზღვროს, რა მოქმედებებია საჭირო იმისთვის, რომ ბიჭები გათავისუფლდნენ. ბოლო სასამართლო პროცესზე ვნახეთ პროკურორის უსუსური არგუმენტაცია, რის საფუძველზეც დათო ხუციშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. აბსოლუტურად პოლიტიზირებული პროცესი იყო. ყველაფერი ამისგან უნდა გავთავისუფლდეთ იმისთვის, რომ მშვიდობიანი და არარეპრესიული გარემო შეიქმნას მედიაციის პროცესის დაწყებისთვის“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

მისივე თქმით, პროცესების განვითარებაზეა დამოკიდებული, რა საკითხებს განიხილავენ შემდეგ შეხვედრაზე, რომლის თარიღი დაახლოებით ორ დღეში გახდება ცნობილი.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ 235-ე ღამეა კარვებში აპროტესტებს ნამახვანჰესის მშენებლობას. პროტესტის მონაწილეები და მთავრობის წარმომადგენლები რიონის ხეობაში სიტუაციის დეესკალაციაზე გასულ შაბათს გამართული შეხვედრის დროს შეთანხმდნენ. ეს გულისხმობდა ხეობაში პოლიციის მიერ შექმნილი ბარიერების მოხსნას და პროტესტის მონაწილეებისთვის გადაადგილების კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფას, რათა მათ მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება შეძლონ. შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ, რომ დაკავებული დემონსტრანტების შესახებ პროკურატურა განცხადებას გამოაქვეყნებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ გუმათში აღმართული რკინის ჯებირები 17 ივნისს აიღო, თუმცა მოქალაქეებს, რომლებიც ნამახვანჰესის პროექტის განხორციელების წინააღმდეგი არიან, სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლება სამართალდამცველებმა მაინც არ მისცეს.

 

ამ თემაზე:

ნამახვანჰესის პროექტზე შეხვედრა 3 საკითხზე შეთანხმებით დასრულდა

შესაბამისი ზომების მიღება უპირველეს ყოვლისა მთავრობის ვალდებულებაა – ბუშლე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]