„საქართველოს კონსტიტუცია აძლევს უფლებას ყველა პირს, რომ მშვიდობიანი ფორმით გავიდეს ქუჩაში და თქვას თავისი სათქმელი, ანუ ისარგებლოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით. შესაბამისად, როგორც „პრაიდს“, ისე კონტრაქციას აქვს უფლება გამოხატოს თავისი სათქმელი, ოღონდ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი.
იმ შემთხვევაში თუ ცალკეული ჯგუფი შეეცდება, ჩაერიოს სხვის გამოხატვის თავისუფლებაში, ან ხელი შეუშალოს შეკრებას, რა თქმა უნდა, ეს არ არის დაცული კონსტიტუციით, ეს იქნება სამართალდარღვევა და სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა მოახდინონ ამ ყველაფერზე რეაგირება“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
გუშინ, ევროპარლამენტის 28 წევრმა საქართველოს მთავრობას, კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუწოდა, დაიცვას „ღირსების მარშის“ მონაწილეები, უზრუნველყოს მათ მიერ გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობა.
„ღირსების მარში“ თბილისში 5 ივლისს გაიმართება. ღონისძიება დაგეგმილია „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში, რომელიც პირველი ივლისიდან დაიწყება. წელს მარშის სლოგანია „გამოდი სოლიდარობისთვის“.